|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხელისუფლებამ საარჩევნოდ დანაპირები ნაწილობრივ შეასრულა

ქუთაისის მერიამ ქალაქში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციები გასცა.  წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე მცხოვრებმა დაზარალებულმა  ოჯახებმა ხელისუფლების მხრიდან მრავალჯერ დაპირების მუხედავად, დახმარება მხოლოდ ახლა მიიღეს. თუმცა მოსახლეობისათვის კომპენსაციის სახით გაცემულ თანხას მიღებული ზარალი ბევრად აღემატება.   

„გასულ კვირაში მივიღეთ ფული. ჩვენ ყოველი გაწვიმების დროს ვიტბორებით. დახმარებას აქამდეც გვპირდებოდნენ, მაგრამ არაფერი მოგვცეს.  ახლა მე 300 ლარი ავიღე. ზოგიერთს 200 და 500 ლარი მისცეს. მაგრამ ეს თანხა იმასთან შედარებით არაფერია, რაც სტიქიამ მოგვიტანა.  ერთი  მანქანა სილა რომ შევიძინოთ,  მარტო ის ღირს 150 ლარი. მაგათი ფული რად გვინდა, ეს ქუჩა გაგვიკეთონ ისე, რომ წყალმა კიდევ არ შეგვაწუხოს და ვიქნებით ჩვენთვის,“ – ამბობს  ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები  ერთ–ერთი დაზრალებული ელენე ნაჭყებია.

წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე  მაცხოვრებლები სტიქიამ ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ დააზარალა.  წყალი მათ საცხოვრებელ სახლებსა და სარდაფებში შევიდა. სახლებიდან წყალი სახანძროს მანქანებმა ამოტუმბეს, სარდაფების ნაწილი კი ამ დრომდე დატბორილი რჩება. აღსანიშნავია, რომ ქალაქში მომხდარი ყოველი ამგვარი  შემთხვევის დროს, ადგილობრივი ხელისუფლების რეაქცია მხოლოდ შემთხვევის ადგილების დათვალირებითა და ზარალის დათვლის შემდეგ კომპენსაციების გაცემის დაპირებით შემოიფარგლება.   

newpress–მა ქუთაისის მერიიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა მიმდინარე წელს, ქუთაისში მომხდარი სტიქიის შედეგად  წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე მცხოვრები დაზარალებული ოჯახებისათვის? newpress-ი ასევე, ითხოვდა დაზარალებული ოჯახების რაოდენობას მათზე გაცემული თანხების მითითებით. როგორც მერიიდან მიღებულ წერილობით პასუხშია  ნათქვამი, ადგილობრივმა თვითთმმართველობამ მიმდინარე წელს დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით 9 000 ლარი დახარჯა.

 „500 ლარი მომცეს ახლა. აქამდე არავითარი დახმარება არ იმიღია. ეს ფული რას მიშველის. ოთახებში წყალი რომ ვერ ამოტუმბეს, კედლები დატეხეს, მეორე  ოთახში რომ გასულიყო,“ – ამბობს სტიქიის შედეგად  დაზარალებული ნაზიკო დვალი.

მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2010–2011 წლებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია ქალაქის  ბიუჯეტს ჯამში  32 200 ლარი დაუჯდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე