|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მეოცნებეთა“ საქმეზე პროკურატურას მტკიცებულებების შეგროვება გაუჭირდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ აქტივისტების პროცესი კვლავ გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი, გასული სასამართლო სხდომების მსგავსად,  ამჯერადაც პროკურორის შუამდგომლობა და მტკიცებულებების არასაკმარისი რაოდენობა გახდა.  

ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული „ოცნების“ აქტივისტების მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას სასამართლო პროცესზე უსაფრთხოების ზომები დღესაც გაძლიერებული იყო.

საქალაქო სასამართლოს მანდატურებთან ერთად, ვითარებას სააპელაციო სასამართლოდან გადმოყვანილი მანდატურებიც აკონტროლებდნენ. პროცესზე შესვლის საშუალება თითოეული ბრალდებულის ოჯახის მხოლოდ  4 წევრსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს მისცეს. 

საქალაქო  სასამართლოში დღეს კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა. მოწმის დაკითხვამ ბრალდებულების ახლობელთა აღშფოთება გამოიწვია. როგორც სხდომიდან გამოსული ახლობლები აცხადებდნენ,  „ოცნებელთა“  საქმეში არსებულ მოწმეს,  ქრისტინე ბანძელაძეს პროკურორი და მოსამართლე მართავდნენ.  

„მოწმე დაბნეული ყო. ვერაფერს ამბობდა. პროკურორი ეხმარებოდა. პროკურორს კიდევ მოსამართლე უწყობდა ხელს და ორივე ერთად მოწმეს მართავდნენ. ადვოკატების დასმულ შეკითხვებს პროკურორი აპროტესტებდა,“ – ამბობდნენ ბრალდებულთა ახლობლები.

ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ბრალდებულთა პროცესი 26 სექტემბრისთვის, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. რომელმაც მოწმეებისა და მტკიცებულებების წარმოსადგენად დრო ითხოვა. პროცესის გადადების გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

„მე მეგონა სასამართლოში მოვედი, მაგრამ ამას სასამართლო არ  ჰქვია. ამდენჯერ პროცესის გადადება ვის გაუგია? ხალხო ის მიკვირს, 5 ადამიანი დაიჭირეს ერთ დღეში  და სამ თვეში 5 მოწმე ვეღარ მოძებნეს? საპარლამენტო არჩევნებამდე წელავენ დროს. მანამდე გადაწყვეტილებას არ გამოიტანენ,“ – ამბობს ერთ–ერთი ბრალდებულის მიხეილ მესხის მამიდა ელენე მესხი.

 შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელსა და გაგა ამბროლაძეს მიმდინარე წლის  ივნისში  აღმკვეთი ღონისძიების სახით 2–თვიანი წინასწარი პატიმრობა  შეუფარდა, ხოლო ჯაბუასა და ყურუას 3000 –3 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაევალათ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე