|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებას კულტურას უწუნებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობა ქუთაისში, პოლიტიკური სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო შეხვედრების მიზნით გამოყოფილი ამორტიზებული  შენობების გამოცვლას ითხოვს. პარტიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ აღნიშნული მოთხოვნა მას შემდეგ დააყენა, რაც newpress-მა გაავრცელა ინფორმაცია ქალაქის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების შესახებ, სადაც პოლიტიკური პარტიებისთვის შენონების გამოყოფაზეა საუბარი.

დადგენილების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის ქალაქში სამი შენობა გამოეყო. newpress-ის მიერ შენობების გადამოწმების შედეგად, გაირკვა რომ სამივე შენობა ამორტიზებულია.

„თავისუფალმა საქართველო“ ბრიფინგი ავტომშენებლის #33-ში მდებარე ერთ-ერთ შენობასთან, ყოფილ კულტურის სახლთან გამართა.

„სწორედ აქ ჩანს ჩვენი ხელისუფლების კულტურა, ასეთ შენობას რომ კულტურის სახლს უწოდებს. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ ამომრჩევლის შეურაცხყოფა. სხვა შენობები კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაშია. დღეს ჩვენ შეგვაქვს განცხადება მერიაში ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის სახელზე. ჩვენი მოთხოვნაა, შეიცვალოს ეს ბრძანება და პარტიებს საარჩევნო კამპანიის კონკურენტულ და თანაბარ გარემოში ჩატარების უფლება მიეცეთ,“ - ამბობს გოგი წულაია.

წულაიამ აქვე ის ფაქტიც გააპროტესტა, რომ ქალაქის მასშტაბით ოპოზიციური პარტიებისათვის პლაკატისა და ბანერის გასაკრავი ადგილი აღარ დარჩა. როგორც წულაია ამბობს, ამგვარ პირობებში პარტიების მიერ ბანერებისა და პლაკატების დამზადებას აზრი არ აქვს.

„აღნიშნულ ბრძანებაში ასევე, განსაზღვრულია იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც ბეჭდვითი სააგიტაციო მასალა უნდა გაიკრას. მაგრამ ტროტუარსა და გაზონზე როგორ უნდა გააკრა მასალა, ეს რა უბედურებაა,“ - ამბობს წულაია.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე