|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესარჩევად კონსულტაციები იწყება

ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციები იწყება.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი ქადაგიძეს 7 თვეში ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონმდებლობით კი, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს. "საქართველოს პრეზიდენტის დავალებით იწყება ქადაგიძის უფლებამონაცვლის შერჩევის ძალიან ღია პროცესი. კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებაც ისაუბრა. „ამჟამად ქვეყნაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის უარგუმენტო დანაწევრების პროცესი. საუბარია იმ ინსტიტუტზე, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით ძალიან მაღალპროფესიულად ასრულებს თავის საქმიანობას, მათ შორის, განსაკუთრებით საბანკო ზედამხედველობის სფეროში. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნესასოციაციების, ექსპერტების, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან ღია შეფასებებთან და, სამწუხაროდ, დღემდე, კანონპროექტის არც ავტორებს და არც მათ მხარდამჭერებს, თუნდაც მცირე პროფესიული არგუმენტიც კი არ წარმოუდგენიათ ამ ცვლილების განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ბატონი ქადაგიძე არის მიუღებელი და საჭიროა მისი ნეიტრალიზაცია. კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია კონკრეტულ პიროვნებათა გამო ინსტიტუტების მსგავსი ნგრევა“, - განაცახდა გიორგი აბაშიშვილმა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა