|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

პარლამენტში 4 კომიტეტის   გაერთიანებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. 
კომიტეტზე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონს იხილავენ. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილება ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის კონსტიტუციასთან გარკვეულწილად შეუსაბამობაშია. 

საწინააღმდეგოს ამტკიცებს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური. მისი განმარტებით, მომზადებული პროექტით მაქსიმალურად შენარჩუნებულია მოდელი, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2008 წელს მიიღო, როდესაც ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფა და მის ხელმძღვანელად გიორგი ქადაგიძის დანიშვნა მოხდა.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომლის ავტორები არიან დეპუტატები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება. 
სააგენტოს საქმიანობას სააგენტოს საბჭო უხელმძღვანელებს. სააგენტოს საბჭოს შემადგენლობაში შვიდი წევრი შევა, რომელთაგან პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება, ხოლო დანარჩენი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და რომლებსაც ექნებათ საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება. სააგენტოს საბჭო, სააგენტოს საბჭოს წევრებისგან, თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით აირჩევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმავდროულად არ შეიძლება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე იყოს.

ავტორი: ირინა მაკარიძე