|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩვენს ხელისუფლებას ბევრი ჰყავს დასაკარგი დედები?“

„მივმართავთ ქუთაისის მერს გიორგი თევდორაძეს, ქალაქის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს თანხა ონკოლოგიური ავადმყოფის ინგა მანაგაძის დასახმარებლად. სარეზერვო ფონდი მსგავსს საჭიროებებზე უნდა იხარჯებოდეს და არა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წახალისებაზე,“ -  განაცხადა პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ქუთაისში ნატო ქათამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც კოალიციაში აცხადებენ,  ქუთაისში მცხოვრები ინგა მანაგაძე ონკოლოგიური ავადმყოფია. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ხოლო ოჯახის სოციალური მდგომარეობა მძიმეა. მანაგაძეს 2010 წლის აპრილში  სოციალური შემწეობა დაენიშნა და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სადაზღვევო პოლისიც მიიღო. თუმცა 3 თვის შემდეგ, მისი ოჯახის მდგომარეობა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა  გადაამოწმეს. შედეგად, მანაგაძის  ოჯახის სარეიტინგო ქულა 43 700 ერთეულიდან 91 600 ერთეულამდე გაიზარდა.

„ძალიან მაინტერესებს ჩვენს ხელისუფლებას ბევრი ჰყავს დასაკარგი დედები? სხივებს და თერაპიებს ვიკეთებ ავადმყოფობას რომ ვებრძოლო და სიცოცხლე შევინარჩუნო. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო სამსახურის უფროსს არჩილ მუკბანიანს როდესაც ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, ირონიაში გადაიტანა და მკითხა: გჭირდება მატერიალური დახმარებაო? სარეიტინგო ქულა გამიზარდეს  მაშინ,  როდესაც ოჯახიდან ნივთები გამქონდა და თავის გადასარჩენად ვყიდდი,“ - ამბობს ინგა მანაგაძე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ნატო ქათამაძის თქმით,   ქუთაისის მერიის მხრიდან ინგა მანაგაძისათვის გაწეული დახმარება – 100 ლარის ოდენობით გაცემული ერთჯერადი მატერიალური დახმარებითა და ასევე, 100-ლარიანი წამლების ვაუჩერით შემოიფარგლა.  როგორც კოალიციაში აცხადებენ, მოქმედი კანონმდებლობა მათ  მსგავსი საჭიროების  მქონე ადამიანებისთვის ფულადი დახმარების გაწევის შესაძლებლობას არ აძლევს, თუმცა ამბობენ, რომ  მანაგაძეს ზემდგომ ორგანოებთან შუამდგომლობას გაუწევენ და მისი უფლებების დაცვას შეეცდებიან.

„დღესვე წერილობითი მივმართავთ როგორც არჩილ მუკბანიანს, რომ ხელახლა გადაიხედოს ინგა მანაგაძის ოჯაცის სოციალური სტატუსი. ასევე, ქალაქ ქუთაისის მერს გიორგი თევდორაძეს, რათა მერიის სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი სათანადო მატერიალური დახმარება გაეწიოს აღნიშნულ ქალბატონს,“ - ამბობს ნატო ქათამაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხათუნა ცანავას თქმით, ინგა მანაგაძის ოჯახმა რამდენჯერმე განიცადა დემოგრაფიული ცვლილება, რის გამოც მოხდა ქულების გადამოწმება. "თუ მოგვმართავს აღნიშნული პიროვნება, აუცილებად დავინტერესდებით საკითხით," – ამბობს ხათუნა ცანავა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა