|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის საავამდყოფომ სასწრაფო ოპერაციის პაციენტი არ მიიღო

თერჯოლის რაიონულმა საავადმყოფომ სასწრაფო ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტი არ მიიღო. ტყიბულის რაიონ სოფელ მუხურაში მცხოვრებ აველინა ბოჭორიშვილს, რომელსაც დერმადოიდული კისტა აქვს,  საავადმყოფომ  სასწრაფო ოპერაციის ჩატარებაზე კვალიფიციური კადრების არარსებობის გამო, უარი განუცხადა. ოპერაციაზე უარის თქმის გამო, აველინა ბოჭორიშვილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ტროტუარზე დაწოლილი იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, ტყიბულში მცხოვრებ პაციენტს, ოპერაციის ჩატარებაზე უარი ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოშიც უთხრეს, ასევე, კადრების არარსებობის გამო. ამის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ „ალდაგი ბისიამ“  საგარანტიო წერილი თერჯოლის რაიონულ საავადმყოფოზე გასცა. (ორივე საავადმყოფო „ალდაგის“ საკუთრებაშია).

თვითმხილველები ამბობენ, რომ დღეს პაციენტი 9:00 საათის შემდეგ თერჯოლის საავადმყოფოსთან მინდორზე იწვა, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ კი ყურადღება მანამდე არ მიაქცია, ვიდრე საქმეში საპარტულო პოლიცია არ ჩაერთო. ამის შემდეგ, პაციენტი შიგნით შეიყვანეს და რამდენიმე ხანში, როგორც ამბობენ, ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,ჩოჩქოლი ატყდა და მივედი. გავესაუბრე ამ ქალბატონს, რომელმაც მითხრა, რომ პოლისი აქვს და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. აქ მოსულს კი, უთხრეს, რომ მსგავს ოპერაციას არ აკეთებდნენ და ქუთაისში უნდა წასულიყო. ფეხზე ვერ დგებოდა ისე ცუდად იყო, მინდორზე იწვა და ყურადღებას არავინ აქცევდა. როცა პოლიცია მოვიდა, მთელი ამბით შეაბრძანეს საავადმყოფოში და ყურადღებაც მიაქციეს. როცა, საავადმყოფო ასეთი ზარ-ზეიმით იხსნება, რატო უნდა სჭირდებოდეს ადამიანს ასეთი მძიმე დაავადების შემთხვევაში, ქუთაისში წასვლა?“-ამბობს თვითმხილველი ენვერი აბჟანდაძე.

newpress.ge პაციენტისა და მისი თანმხლები ნათესავის ჩაწერას შეეცადა, თუმცა, საავადმყოფოს დაცვამ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მოგვცა. პაციენტთან შესვლაზე უარი იმ მიზეზით განგვიცხადეს, რომ უცხო პირების შესვლა დაწესებულებაში აკრძალულია. მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული ბრძანების შესახებ, შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოედგინათ, ადმინისტრაციამ უარი განაცხადა. ნათესავი ელიკო ცერცვაძე კი, ინტერვიუს დაწყებისთანავე საავადმყოფოში შეიყვანეს იმ მოტივით, რომ ექიმებს  მასთან დეტალების გარკვევა სურდათ. newpress.ge–ი  მუშაობას კი საპატრულო პოლიცია გამუდმებით აკონტროლებდა.

newpress.ge–მ საავადმყოფოს დირექტორის, ოთარ მაკარიძის ჩაწერა ადგილზე სცადა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იგი სამედიცინო დაწესებულებაში არ იმყოფებოდა. სატელეფონო ინტერვიუში კი იგი აცხადებს, რომ პაციენტს სასწრაფო ოპერაცია არ ესაჭიროებოდა: ,,ქალბატონი სასწრაფო ოპერაციას არ საჭიროებს. ეს ისეთი დაავადებაა, რომლის დროსაც ქირურგიული ჩარევა ათი წლის შემდეგაც შეიძლება. გარკვევით განვუმარტეთ ამ ქალბატონს, რომ მსგავსი ოპერაციის ლიცენზია ჩვენ არ გვაქვს და ოპერაცია ქუთაისში გაეკეთებინა, თუმცა, ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა“-ამბობს ოთარ მაკარიძე.

დირექტორი, პაციენტის მიმართ უყურადღებობის ფაქტს უარყოფს და ადასტურებს, რომ აველინა ბოჭორიშვილი ქუთაისშია გადმოყვანილი, თუმცა, კლინიკის ზუსტ მისამართს, იგი არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლის რაიონული კლინიკა, ისევე, როგორც ტყიბულის საავადმყოფო, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" ინვესტიციით აშენდა. სამედიცინო დაწესებულებები, სახელმწიფო პროგრამა – 100 ახალი საავადმყოფოს ფარგლებში, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის დეკემბერში გახსნა.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა