|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შემთხვევაში საპროტესტო აქციები გაიმართება

ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შესანარჩუნებლად, არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელწოდებით ,,ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი რეგიონების განვითარებისათვის“  შეიქმნა.

ორგანიზაციის დამფუძნებლმა, შალვა გვანცელაძემ, დღეს, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა, სადაც  ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა. ,,ჩვენი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს და ნორმალურ ფუნქციონირებაში მოვიდეს“, – ამბობს შალვა გვანცელაძე. მისივე ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრებმა,  ქუთაისში, ე.წ. ,,კეჩის ბაზრობაზე“ გამოკითხვა ჩაატარეს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხული 354 ადამიანიდან 54  საერთოდ არ აინტერესებს, თუ სად იქნება პარლამენტი, 48 კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარლამენტის ქუთაისში არსებობას, ხოლო დანარჩენი 252 ადამიანი, პარლამენტის ქუთაისში დარჩენას უჭერს მხარს.

,,საპარლამენტო უმრავლესობაში, არავის არა აქვს არგუმენტირებული პასუხი იმაზე, თუ რატომ უნდა დააბრუნონ პარლამენტი დედაქალაქში. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს, რომ შეწყვიტონ ინიციატივების განხილვა ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შესახებ,“ – ამბობს შალვა გვანცელაძე.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაიწყებენ სამანიფესტაციო გამოსვლებსა და შიმშილობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი რეგიონების განვითარებისათვის“  დამფუძნებელი, ასევე, არ გამორიცხავს, რომ ორგანიზაციის წევრებმა  პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერონ.  

ავტორი: ანა ჯანაშია