|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე ივანიშვილის პარტიას უერთდება

„ეროვნული ფორუმი“ „ქართულ ოცნებას“ უერთდება. ფორუმის ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, პოლიტიკურ სუბიექტებს  მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან  თუ პრობლემებთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვები აქვთ. გაერთიანებაც იდენტური შეხედულებების გამო გადაწყვიტეს.

როგორც სანიკიძე ამბობს, ამ ეტაპზე შექმნილია ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იკვლევს როგორც ერთი, ისე მეორე  პოლიტიკური სუბიექტის შესაძლებლობებს,  როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე. 

 „ფორუმს“ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.  დღეს  ჩვენ ხელისუფლებაში ვართ.  გაცილებით სერიოზული პოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე არის საუბარი. რა და როგორი ფორმით იქნება გაერთიანება, ახლა ვერაფერს გეტყვით, თუმცა დაფარული არაფერი იქნება.  ჩვენ გვინდა ამით სხვა, ერთნაირი შეხედულებების მქონე  პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანების მაგალითი მივცეთ და არა დაშლის,“ - ამბობს სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ორი პოლიტიკური სუბიექტის შერწყმის შედეგად მიღებულ პარტიას  „ქართული ოცნება“ დაერქმევა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე