|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიის გამგებელს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა

სამტრედიის გამგებელს ავთანდილ სტურუას რაიონულმა სასამართლომ გამგებლის პოსტზე უფლებამოსილება შეუჩერა. აღნიშნულის მიზეზი სამტრედიის საკრებულოს დეპუტატის კობა ძიძიგურის სარჩელი გახდა. ძიძიგური სასამართლოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემული იმ განკარგულების გაუქმებას სთხოვდა, რომლის წყალობით სტურუა თანამდებობაზე დაინიშნა.

კობა ძიძიგურის განცხადებით, სამტრედიის გამგებელს თანამდებობაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის საკრებულომ კანონის დარღვევით აირჩია. ძიძიგურის თქმით, მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა კობა კანდელაკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 23 ოქტომბერს დაწერა. კანდელაკის განცხადება ბიურომ იმავე დღესვე განიხილა. ხოლო მეორე დღეს, ძიძიგურის თქმით, საკრებულოს ორი სხდომა დაინიშნა.  პირველ სხდომაზე დეპუტატებმა კანდელაკის განცხადება დააკმაყოფილეს, ხოლო მეორე სხდომაზე ავთანდილ სტურუას სამტრედიის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნას უყარეს კენჭი.

„ერთ დღეს ორი სხდომის დანიშვნა კანონით არ შეიძლება. მეორეც,  ავტანდილ სტურუას განცხადება საკრებულოს სხდომის დღეს შევიდა ბიუროზე და 15 წუთის წინ შესული განცხადება გაიტანეს სხდომაზე სხვადასხვა საკითხების მუხლში და 15 წუთში დაამტკიცეს. სტურუა და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ჯვარშეიშვილი ერთმანეთთან შეთანხმებული იყვნენ უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით,“ - ამბობს კობა ძიძიგური.

სამტრედიაში  ახალი გამგებლის არჩევას კოალიცია „ქართული ოცნების“ უკმაყოფილება  მოჰყვა.  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მხარდამჭერებით მუნიციპალიტეტის შენობაში შეიჭრნენ და გამგებლის გადადგომა მოითხოვეს.

სამტრედიის გამგებლის მოვალეობას ამ დროისათვის სტურუას ერთ-ერთი მოადგილე ავთანდილ თადუმაძე ასრულებს. როგორც ცნობილია, „ნაციონალები“  სამტრედიის  სასამართლოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

გამგებლის თანამდებობასთან  დაკავშირებული სასამართლო  დავის დასრულებამდე კი    სამტრედიის საკრებულოს ახალი გამგებლის დანიშვნის საკითხზე მსჯელობა კანონმდებლობით არ შეუძლია. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე