|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბევრ ლაპარაკში შეცდომასაც ბევრს ვუშვებთ - რაც აცხადებს ქართველ ებრაელთა რაბინი ანტისემიტიზმის თემაზე?

ორი ერის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ცალკეული განცხადებები ვერ შეარყევს. ამის შესახებ  მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, იაკობ გაგულაშვილი აცხადებს, რითაც ბოლო დროს გავრცელებული ანტისემიტურ განცხადებებს ეხმაურება.  

მისი თქმით, ამ საკითხზე პოლემიკა უნდა შეწყდეს, რადგან ბევრს საუბარში უნებურად იმ უკვე შეხორცებულ ჭრილობას არ შეეხონ.

"მე სრულიად თამამად ვაცხადებ, რომ წარმოუდგენელია იმ დიდ ოჯახში, რომლის მამამთავარიც პატივცემული საქართველოს პატრიარქი გახლავთ - ანტისემიტიზმი სუნთქავდეს, ამიტომ ყოველთვის დარწმუნებული ვიქნები, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის ებრაელთა თემის მოძულე და ვერავის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაზები და კათხაში ატეხილი ქარიშხალი ვერ შექმნის ამ ილუზიას, ამიტომ იყუჩე მტერო! არც ამ თემის საზოგადოებაში ტირაჟირებაა გონივრული, რადგან პირველ ყოვლისა, პროვოკაციების სამიზნედ ვხდით და ამავდროულად, ბევრ ლაპარაკში შეცდომასაც ბევრს ვუშვებთ და უნებურად შეიძლება უკვე შეხორცებულ ჭრილობას შევეხოთ და განა ტკივილი გვაკლია ჩვენ? - ნათქვამია მიმართვაში.

იაკობი მოუწოდებს "გონიერ საზოგადოებას" ამ თემაზე არსებულ პროვოკაციებს არ აჰყვნენ. 

"დიპლომატიის დაუწერელი კანონი გახლავთ, მოლაპარაკების მაგიდასთან განსხვავებებზე აპელირებით მშვიდობას ვერ დასთეს და ვერც მოიმკი. ჩვენმა წმინდა მამებმა ყოველთვის შესანიშნავად უწყოდნენ, რომ სარწმუნოებრივი იდეოლოგიის მხრივ ქართველებსა და ისრაელიანებს შორის უფრო მეტი საერთოა, ვიდრე სხვაობა. და ეს საერთო - ერთი უფალი ღმერთია, მხედართმთავარი ცისა და ქვეყნის, ხოლო სადაც გამჩენი სუფევს, არაა ადგილი სიძულვილისა.

ამიტომ მე ვწყვეტ ამ თემაზე პოლემიკას. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ისტორიის მიერ და იგი ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში ძევს. მოვუწოდებ გონიერ საზოგადოებას, ნუ აყვებით ერთი და იმავე სცენარით დაწერილ პროვოკაციებს, ნუ გააღვივებთ შუღლს, სთესეთ მშვიდობა - ეს დიდი მადლია. ღმერთმა დალოცოს ისრაელი და საქართველო, ებრაელები და ქართველები, მადლობა გამჩენს ჩვენი ღირსეული წარსულისათვის და კიდევ უფრო ღირსეული მომავლისათვის" - ნათქვამია რაბინის მიმართვაში.

 შეგახსენებთ, ქუთაის-გაენათელი მეუფე იოანე და ეპარქიის ერთ-ერთი დეკანოზი ანტისემიტურ ქადაგებაში დაადანაშაულეს.

 

ავტორი: ნიუპრესი