|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნების" პოლიტიკური მართლმსაჯულება - გია უკლებას ცემის ფაქტზე პასუხი ამ დრომდე არავის უგია

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია უკლებას ცემის ფაქტზე საქმის სასამართლო განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა.  "ქართული ოცნების" დეპუტატები ოპონენტს  ფიზიკურად  2018 წლის სექტემბერში საკრებულოს შენობაში გაუსწორდნენ. საქმის ახლა გაცოცხლება ცოტა ხნის წინ გამოცემულ ამნისტიის აქტს და "ოცნების" დეპუტატებისათვის პასუხისმგებლობის აცილების მცდელობას უკავშირდება. 

ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატების მოწყობილი  ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა როგორც დაზარალებული გია უკლება აცხადებდა, გამოძიება ჯგუფური ძალადობის, ასევე პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით უნდა აღძრულიყო. სასამართლომ დანაშაულში ბრალდებულები ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს, იმედა საღინაძეს და ამირან კოპალეიშვილს 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ხანგრძლივი  დუმილის შემდეგ სასამართლო პროცესი ამ დროისათვის განახლდა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ ოპონენტის ცემის საქმე ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე რომ არ არის, ამის შესახებ დაზარალებულის ადვოკატი ვალერი თევდორაძეც საუბრობს.  

  "საქმე აღძრულია ცემის მუხლით, რეალურად კი, ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების საქმე. ფაქტობრივად, ურთიერთშეთანხმებით მოახდინეს საკრებულოს დეპუტატის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს საქმე მიმდინარეობს 2 წელი, მაშინ როდესაც მსგავსი კვალიფიკაციის საქმეევბზე მაქსიმუმ 6 თვეში დგება გადაწყვეტილება. ახლა ამ მუხლს შეეხო ამნისტია, ამის გამო ხელახლა გაცოცხლდა ეს საქმე. ", - აცხადებს თედორაძე. 

მისივე თქმით, ბრალდებულებს რომ ამნისტია შეეხოს, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა და მისი მხრიდან პრეტენზიების არ ქონა, რის გამოც დაუკავშირდნენ ემიგრაციაში მყოფ გია უკლებას, თუმცა მისგან უარი მიიღეს. მიუხედავად ამისა, თევდორაძე თვლის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში ბრალდებულებს მაინც აარიდებენ რეალურ პასუხისმგებლობას. 

"საქმე ჭიანურდება, რომ მოხდარი ფაქტი დავიწყებას მიეცეს და მან აქტუალობა დაკარგოს. გარდა ამისა, ეს საქმე თავის დროზე რომ დასრულებულიყო, მას პოლიტიკური შედეგი მოყვებოდა და "ოცნების" დეპუტატებს საკრებულოს დატოვება მოუხდებოდათ,  "ოცნებას" კი დამატებით არჩევნების დანიშვნა მოუწევდა. მართლმსაჯულება მათ ხელშია და გია უკლებას პრინციპული პოზიციის მიუხედავად, მაინც ისე გააკეთებენ, რომ მათ რეალური პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ", -აცხადებს თევდორაძე. 

 ქუთაისის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი შენგელია მომხდარ დაპირისპირების ფაქტში დანაშაულს ვერ ხედავდა. როგორც ის აცხადებდა,  საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება ოპონენტის პროვოკაციებმა გამოიწვია, ხოლო მოხდა თუ არა დანაშაული, ამას გამოძიება დაადგენდა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული "ოცნების" დეპუტატების ინტერესებს სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის ძმა, ადვოკატი გივი შენგელია იცავს.  

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს, ქუთაისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს უმრავლესობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი დეპუტატის ცემის მიზეზად სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნებას ასახელებდნენ.  უკლება კი აცხადებდა, რომ მის მიმართ ანგარიშწორების მიზეზი ქალაქის მერის მიმართ გამოთქმული შენიშვნები გახდა.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა