|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" მშენებლობის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება?

საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი ომარ ნიშნიანიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს,  რომ პარტიის მშენებლობის პროცესი ჭიანურდება. „პარტიის კონფერენცია ოქტომბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ გადის ეს თვეც და ჯერ კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. ჩვენ ადრე გვქონდა მოლოდინი, რომ მაისში დასრულებულიყო საკადრო ცვლილებები და ივნისში ჩვენ შერჩეული უნდა გვყოლოდა რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელები.  არ მინდა ვიფიქრო, რომ  ხელოვნულად ჭიანურდება ეს პროცესი. რა მოუცლელობაა  ასეთი?  არჩევნები კარს მოგვადგა და ჯერ პარტიის მონახაზიც კი ვერ შევქმენით. თუ სულ ვიძახეთ, ხვალ იქნება, ზეგ იქნება, გავიდა ამასობაში ეს 4 წელი.  ამ დროს  სხვა პარტიები თავის საქმეს აკეთებენ“, - განუცხადა ნიშნიანიძემ „ნიუპრესს“.   

დეპუტატი პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძესაც აკრიტიკებს. მისი თქმით, საჭიროა პარტიის ჩამოყალიბების პროცესი დაჩქარდეს და  მეტად გამჭვირვალე იყოს.  „არ ვიცი,  რა როლი აქვს ამ ყველაფერში პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს, რადგან  პროცესები საჯარო არ არის. „ამირან გულში მღეროდაო“, აუწიოს ხმა ამ სიმღერას და ჩვენც გაგვაგონოს,  იმედი მაინც გაგვიჩნდება. წესით,  კი უნდა აბარებდნენ ანგარიშს პარტიის რიგით წევრებსაც კი, მაგრამ მე, პარლამენტის წევრი რომ არ ვარ საქმის კურსში, რა ხდება პარტიაში, რიგითი წევრი ინფორმირებული როგორ იქნება“,- აღნიშნავს დეპუტატი. მისი თქმით, კობახიძე ახალგაზრდა კაცია და ჩანს,  რომ პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება არ აქვს.  

ავტორი: ირინა მაკარიძე