|
  • EUR 1 = GEL 3.0017
  • USD 1 = GEL 2.4402
|

"ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება"

"ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი 100 ლარით გაზრდილიყო" - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია.

ორგანიზაციის წევრებმა მერიის წინ დღეს აქცია გამართეს და ავტომანქანების მომსახურებისათვის გაზრდილი ხარჯები გააპროტესტეს. 

"2018 წელს ავტომობილების შეკეთებაზე 340 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ თანხაზე მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი და გამოავლინა გამარჯვებული. ასევე ქუთაისის მერია 2018 წელს გეგმავს მოიხმაროს 440 000 ლარის საწვავი. ჯამში, ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაზრდილიყო 100 ლარით.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ქუთაისის მერიას სასწრაფოდ გააუქმოს აღნიშნული ტენდერი და მოახდინოს საკუთარი ავტოპარკის, მათ შორის ძვირადღირებული ჯიპების გაყიდვა, რაც ბიუჯეტს საშუალებას მისცემს დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები და საკუთარი კომფორტის ნაცვლად, ის მოხმარდეს ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებას“-განაცხადა საკრებულოს წევრმა გიგა შუშანიამ.

შუშანიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მოუწოდებს ქუთაისის მერიას, უარი თქვას თანამდებობის პირებზე ავტომანქანების პერსონალური მიმაგრების პრაქტიკაზე.

„მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას, უარი თქვას თანამდებობის პირებზე ავტომანქანების პერსონალური მიმაგრების მავნე პრაქტიკაზე. მერიის ფუნქციონირებისთვის სრულიად საკმარისი იქნება ჰიბრიდული სისტემის, რამოდენიმე მორიგე ავტომანქანა, რომელთა საწვავის მოხმარება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიის მოწოდებული ინფორმაციით დღეის მდგომარეობით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ემსახურება 70 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 6 ერთეული მაღალი გამავლობის ჯიპია“-განაცხადა გიგა შუშანიამ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი