|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისის მერიამ ტენდერების გარეშე მილიონობით ლარის ხელშეკრულებები გააფორმა

ქუთაისის მერიამ ტენდერის გარეშე პირდაპირი შესყიდვის გზით აგვისტოში მილიონამდე ლარის ღირებულების  ხელშეკრულება გააფორმა. საქმე ეხება საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. მერიამ ტენდერების გამოცხადებას, კომპანიების პირდაპირი გზით შერჩევა ამჯობინა, რის მიზეზადაც შემჭიდროებულ ვადები სახელდება. 

წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები უპრეცედენტოდ ბევრ სკოლაში ტარდება. მერიამ ათამდე სკოლაში ჩასატარებელი სამუშაოებისათვის  ტენდერებიც გამოაცხადა, რომელში ჯამში 2 კომპანიამ გაიმარჯვა. გარდა ამისა სკოლებში ჩასატარებელი სამუშაოებისათვის პირდაპირი შესყიდვის გზით 8 ხელშეკრულება ივლისსა და აგვისტოში გააფორმდა. 

პირდაპირი შესყიდვის გზით გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ლამოდერნა #6 საჯარო სკოლის სამუშაოებს 169 327.28 ლარის სანაცვლოდ შეასრულებს. ხელშეკრულება  22 აგვისტოსაა გაფორმებული.

შპს ელიტმშენი 229 570.93 ლარის სანაცვლოდ სამუშოებს #12 სკოლაში ჩაატარებს. 

შპს ხელმარჯვე ოსტატები 71 160 ლარის სამუშაოებს, #21 საჯარო სკოლაში ჩაატარებენ. 

იგივე კომპანია 65 868 ლარის სამოპოებებს #15 სკოლაში ჩაატარებს.  

შპს ლამოდერნა 62 461 ლარის სამუშაოებს #20 საჯარო სკოლაში შეასრულებს.

ინდმეწარმე დავით მემანიშვილთან 13 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 49 830.47 ლარის სანაცვლოდ #29 საჯარო სკოლის სამუშაოების შესრულება ერთ თვეში უნდა შეძლოს.

6 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით იმავე ინდმეწარმემ სამუშოები #26 საჯარო სკოლაშიც უნდა ჩაატაროს, რისთვისაც 8 819.69 ლარს მიიღებს. 

შპს ელიტმშენი სამუშაოებს #26 სკოლაშიც ჩაატარებს, შესყიდვის ღირებულება 80 006.05 ლარია.  

გარდა ამისა, ქუთაისის მერიამ რამდენიმე კომპანიასთან  ხელშეკრულებები გადაუდებელი აუცილებლობის გზით  გააფორმა:  

22 აგვისტოს გაფორმებული SMP190003384 ხელშეკრულებით, შპს ‘ნ და ლ”-ს - #6, #7 და #25 საჯარო სკოლების სხვადასხვა სახის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა დაევალა.  ხელშეკრულების შესაბამისად ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 9962,0 ლარს. გადაწყვეტილება გადაუდებელი აუცილებლობით აიხსნა.

ამგვარი გადაუდებელი აუცილებლობით სახით გაფორმდა ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის გაფორმება #7 სკოლაში ჩასატარებელ სამუშაოებზე,  ხელშეკრულება გაფორმდა #35 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით 109 961 ლარის სამუშაოებზე, რომელსაც შპს ლამოდერნა შეასრულებს. 

 ასევე განხორციელდა  #26-ე და #28-ე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. 

 როგორც დოკუმენტაციაშია განმარტებული, დაჩქარებული წესით ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში სამუშაოები სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოესწრებოდა. 

 საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანის განცხადებით,  პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულებების გაფორმება კითხვის ნიშნებს აჩენს. მისი თქმით, ან არასწორი დაგეგმვის ბრალია, ან ხელოვნურად ხდება ბოლო მომენტისათვის სამუშაოების მოზღვევა, რომ არგუმენტად ვადების დასახელება მოხდეს.

 "ტენდერის გზაც არ არის გარანტია იმისა, რომ გაიმარჯვოს ზუსტად იმ კომპანიამ, რომელიც ამას იმსახურებს, თუმცა როდესაც პირდაპირი წესით ხდება გადაწყვეტილების მიღება და არგუმენტად ასახელებენ ვადებს, ნიშნავს რომ დაგეგმვა არასწორად ხდება. კანონი არ ირღვევა, როდესაც ერთ პირთან მოლაპარაკება ხდება, თუმცა მეტია შანსი გარკვეული ჯგუფის ინტერესების გატარების. ეს იქნება პარტიული, თუ კერძო ჯგუფის",- აცხადებს მერაბ მეშველიანი.  

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი პრივილეგირებული კომპანიების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, თუ რომელი კომპანია მიიღებს სამუშაოს, ყველა ამ გადაწყვეტილების უკან დგას ინტერესი, რომელიც  ემსახურება "ოცნების" ხელისუფლებას. მისი თქმით,  დაჩქარებული წესით შესრულებული სამუშაოებთან ყოველთვის ჩნდება ხარისხის პრობლემა, შემდეგ კი დამატებითი თანხების გამოყოფის საჭიროება. 

ტედნერების და გამჭვირვალე პროცედურების გარეშე გაფორმებული ხელშეკრულებებს ეჭვის თვალით უყურებენ არასამთავრობო სექტორში. მათი წარმომადგენლების განცხადებით, ისეთი ღონისძიებების დაგეგმა, რაც დაკავშირებულია ხანგრძლივ სამუშაოებთან გარკვეული დროით ადრე უნდა დაიწყოს, რომ შემდეგ სამუშაოების ცაიტნოტის რეჟიმში შესრულება არ მოხდეს. 

 მერიაში ბრალდებებს უარყოფენ. "მთავრობის განკარგულებით სკოლების რეაბილიტაციისათვის ქუთაისს 2 მილიონი ლარი გადმოეცა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 19 სკოლას ჩაუტარდება, სკოლებში საჭიროებების მიხედვით ხდება სპორტული დარბაზების, სველი წერტილების, ზოგად სახურავის მოწესრიგება. აუცილებელია,  რომ ეს სამუშაოები სკოლის დაწყებამდე დასრულდეს", - განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

ავტორი: ირინა მაკარიძე