|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია "ქართუს" ბეტონის ქარხნისათვის მიწას უსასყიდლოდ გადასცემს

საკითხი ქუთაისის საკრებულოს იურიდიულმა კომიტეტმა უკვე განიხილა.  ქუთაისის საკუთრებაში არსებული,  ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევის №7-ის დასავლეთით მდებარე ქონების გასხვისებისა და ააიპ „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხს საკრებულო ხვალ განიხილავს. 

როგორც "ნიუპრესმა" გაარკვია,  "ქართუს" 8 000 კვ. მეტრის მიწის განუსაზღვრელი დროით, უსასყიდლოდ გადაეცემა.  გადაწყვეტილებას, რომელიც ქალაქს შემოსავლებს უკარგავს,  ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი ჭეიშვილი პროექტის მნიშვნელობითა და ინვესტიციის მოცულობით ხსნის. მისი თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ მიწა ისევ ქალაქს დაუბრუნდება.

"იქ იყო სტადიონი, უფრო სწორად, ეს სტატუსი ქონდა მინიჭებული, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, იქ უნდათ განათავსონ ქარხანა, რათა მშენებლობისათვის საჭირო ბეტონის წარმოება ადგილზე მოხდეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ  მიწა დაუბრუნდება ქალაქს", - განაცხადა ჭეიშვილმა.

დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, რა ვადით მოხდება ორგანიზაციისათვის მიწის გადაცემა. მისი თქმით, პროექტის ცვლილებამ ვადების გადაწევა გამოიწვია. 

"მიუნხენის უნივერსიტეტმა, რომელიც არის პარტნიორი ორგანიზაცია, პროექტი დააკორექტირა.  მოხდა პროექტის შეცვლა, რის გამოც მშენებლობის დასრულების  დაანონსებული თარიღი კიდევ გადაიწევს. რამდენიმე დღის წინ ვიყავი  ადგილზე და იქ  დახლოებით 240 კაცი დღე და ღამე მუშაობს. თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კორპუსის 0 სართულია აშენებული. საკმაოდ დიდი პროექტია და მშენებლობის ვადას ასეთ მეგაპროექტზე ვერ განსაზღვრავ, შეიძლება რაღაც ვადით გადაიწიოს"- განაცხადა ჭეიშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორია არა "ქართუს", არამედ ააიპ „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს" გადაეცემა, რაც შეეხება, ბეტონის ქარხანას, ის მოძრავი კონსტრუქციაა და მისი გადაადგილებაა შესაძლებელი. ამდენად, ტერიტორიაზე რაიმეს მშენებლობა არ იგეგმება.

 შეგახსენებთ, ფონდმა "ქართუ" ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. უნივერსიტეტში პირველი სტუდენტების მიღების თარიღად თავდაპირველად 2019 წელი დასახელდა, თუმცა შემდეგ ამ ვადამ 2020 წლისათვის გადაიწია. 

 

ფოტოზე: საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა