|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდს 22 ათასი ლარი დაემატა

2019 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილების შედეგად ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდი 22 ათასი ლარით გაიზარდა. გადაწყვეტილებას დღეს ხმა ქალაქის საკრებულომ მისცა.

როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ განაცხადა, საბიუჯეტო ცვლილება სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით განხორციელდა. 

 სარეზერვო ფონდისათვის  თანხის დამატება სოციალური საცხოვრისისათვის განკუთვნილი 214 ათასი ლარიდან მოხდა. ნიშნიანიძის განმარტებით, საცხოვრისის საქმეზე სასამართლო დავა მიმდინარეობს და წელს ამ თანხის გამოყენების საჭიროება ბიუჯეტისათვის არ დადგება. 

რაც შეეხება მერის სარეზერვო ფონდს, ის 500 ათას ლარს შეადგენს და მას პირადად მერი განკარგავს. სარეზერვო ფონდში თანხის აკუმულირება გაუთვალისწინებული შემთხვევების დაფინანსების მიზნით ხდება, მათ შორის ისეთის, როგორიც სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაა. უცნობია,  კონკრეტულად რა საჭიროებისათვის მოხდა სარეზერვო ფონდის თანხის გახარჯვა და საჭიროების დროს რატომ გახდა საჭირო ფონდისათვის დამატებითი თანხის მობილიზება.   

 სარეზერვო ფონდის  ხარჯვის გაუმჭვირვალობაზე მიუთითებენ ოპოზიციაში. გიგა შუშანიას განმარტებით, ვერ იღებენ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად ვის გაეწია ფონდიდან დახმარება. 

"სამწუხაროდ, არ არის გამჭვირვალე ფონდიდან თანხების ხარჯვა, ჩვენ წლებია, ვერ მივაღწიეთ მივიღოთ ინფორმაცია, თუ  კონკრეტულად ვის ეხმარება ქალაქის მერი, რომ შემდეგ გადავამოწმოთ, არიან თუ არა ისინი "ქართული ოცნების" აქტივისტები, ჩინოვნიკების ახლობლები...  იშველიებენ, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ჩვენ ეს ინფორმაცია გვჭირდება გადასამოწმებლად და არა გამოსაქვეყნებლად. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავასაჯაროებთ, თუ ამის საფუძველი იქნება", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა გიგა შუშანიამ.

28-29 სექტემბერს ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებიდან მერიამ ზარალის ანაზღაურების გადაწყვეტილება მხოლოდ 25 ოჯახის მიმართ მიიღო, თუმცა იმ დროისათვის ცხელ ხაზზე 300-მე შეტყობინება შევიდა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა