|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისსა და ტყიბულში კრიტიკული შეუსაბამობის გამო რამდენიმე პურის საცხობი დაიხურა

2019 ნელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე  518 ზარი შევიდა, მოსახლეობის ძირითადი მიმართვიანობა სარეალიზაციო ობიექტებში პროდუქციის ვარგისიანობასა და შენახვის პირობების დარღვევას უკავშირდება -ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ძალიან ხშირია ცხელ ხაზზე მოქალაქეების მომართვიანობა, 2019 წელს უკვე 518 ზარია შემოსული, აბსოლუტურად ყველა შეტყობინებაზე მოვახდინეთ რეაგირება. უფრო ხშირად მათი პრეტენზიები პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებში  ვადაგასულ პროდუქციას უკავშირდება. ხშირ შემთხვევაში ჩვენი მისვლისას ეს არ ფიქსირდება, არის შენახვის პირობების ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა,"-განაცხადა ია ქარქაშაძემ.

რაც შეეხება პურის საცხობებს და იქ არსებულ დარღვევებს, სესის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინტენსიურად ხდება საწარმოების შემოწმება, მათ შორის არის საცხობების დახურვის ფაქტები.

"არის პურში უცხო სხეულების პოვნის შემთხვევები, რაზეც  მოქალაქეები მოგვმართავენ,  ხდება რეაგირება, რამდენიმე საწარმოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა.  სანამ შენიშვნებს არ გამოასწორებს, იმ დრომდე  მათ არ აქვს ფუნქციონირების უფლება. ქუთაისშიც მოხდა ასეთი ფაქტები,  დაიხურა რამდენიმე საცხობი, ბოლო ხანს ტყიბულში დაიხურა ორი საწარმო"-განაცხადა ია ქარქაშაძემ. 

სესის ცხელი ხაზია: 15-01

შეხვედრა გაიმართა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „თანამშრომლობა განვითარებისათვის და დემოკრატიის ხელშეწყობა“ და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორი: ირინა მაკარიძე