|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამ ქალაქში ინვესტიციას აღარასდროს განვახორციელებ"-კინოთეატრის ბედი ქუთაისში

პირველი ქართველი ოპერატორის,  ვასილ ამაშუკელის ქალაქში ამ დროისათვის ერთადერთი კინოთეატრი იხურება.  მიუხედავად საზოგადოების ინტერესისა, კინო ინდუსტრიამ ქალაქში ფეხი ვერ მოიკიდა.

სწორედ საზოგადოების დაკვეთის გამო,  ბიზნესმენებმა ლევან ჭავჭანიძემ და თორნიკე მჭედლიძემ   გადაწყვიტეს  ქალაქის ისტორიულ უბანში მცირედარბაზიანი  კინოთეატრი მოეწყოთ. მცირე ბიზნესის დასაწყებად ბიზნესმენებმა სესხი გამოიტანეს. მეგობრებმა კაფე-კინო "ბრაზერსი" ორი წლის წინ გახსნეს.

მაყურებელს 3D ფორმატის  ფილმების და კინოპრემიერების ნახვა  შეეძლოთ. როგორც კინოთეატრის დამფუძნებლები ამბობენ, თავდაპირველად აქტივობა დიდი იყო, მაგრამ მალევე მინელდა. ამას გარდა, ბიზნესმენებს პრობლემები ლარის გაუფასურებამაც შეუქმნა.  დამწყები ბიზნესმენები სესხის დაფარვას კინო თეატრიდან შემოსული თანხით ვეღარ ახერხებდნენ. მიუხედავად პრობლემებისა,  დიდი მოტივაციით აგრძელებდნენ სხვადასხვა აქტივობებს კინოს შესანარჩუნებლად. შეცადნენ ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობიდანაც მიეღოთ. ლევანმა და თორნიკემ ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს, რომელიც მოიცავდა ქუთაისში საერთაშორისო,მოკლემეტრაჟიანი  კინო ფესტივალის ჩატარებას. პროექტის საპრიზო ფონდი 5-6 ათას ლარს მოიცავდა. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, მათი იდეა ქალაქის მერმა მოიწონა, თუმცა  დაფინანსებაზე უარი  ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის განყოფილების უფროსმა მირანდა კუპრაძემ განაცხადა.

როგორც ლევან ჭავჭანიძე ამბობს,  „პროექტი, სახელწოდებით „თეთრი ხიდი“, მოიცავდა საერთაშორისო მოკლემეტრაჟიან კინო ფესტივალს, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში ხშირად ეწყობა და საკმაოდ წარმატებულადაც.

"როდესაც პროექტი  ქალაქის მერს წარვუდგინეთ, დიდი მოწონება და ინტერესი  გამოთქვა. ჩვენც იმედი მოგვეცა.  განცხადების წარსადგენად მერიის კულტურის განყოფილების სამსახურის უფროსთან, მირანდა კუპრავასთან მივედით. მან პროექტის დაფინანსებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მისი თქმით,  „უკინოო ქალაქში“ საერთაშორისო კინო ფესტივალი ჩატარება შეუძლებელია. ეს არგუმენტი ძალიან სუსტია, ვინაიდან არსებობს მაგალითები იმისა, რომ ქალაქებში, სადაც კინო არ არის, მსგავსი ფესტივალი ბევრჯერ ჩატარებულა და საკმაოდ წარმატებულადაც. ქალბატონმა მირანდამ  განაცხადა, ეს პროექტი როგორ დავაფინანსო,  როცა ქალაქის მერმა ჩემს ძალიან მნიშვნლოვან პროექტებზე უარი განმიცხადაო. პროექტი რომ გავაცანით, მან და მისმა თანამშრომელმა სიცილი დაიწყეს ",- გვიამბობს ლევან ჭავჭანიძე.

 

 

  

 

 ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების სამსახურის უფროსი, მირანდა კუპრავა ადასტურებს, რომ პროექტი არ მოეწონა, თუმცა ამბობს,  გადაწყვეტილების მიმღები თვითონ არ არის.

„მე რა მომწონს და რა არ მომწონს, ასე ნამდვილად არ მუშაობს კულტურის სამსახური. ჩემს ზემოთ არის უამრავი ადამიანი, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს.  ნომინალური განყოფილების უფროსი მქვია, ვინაიდან არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია.  რაც შეეხება პროექტს, დიდი განხილვა არ სჭირდებოდა, არ იყო საინტერესო. მე ვთქვი, ჩემს ნებაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, პროექტს არ დავაფინანსებდი, თუმცა გადაწვეტილება მე არ მიმიღია. ჯერ ერთი, პროექტის ვადები იმთავითვე იყო არასერიოზული. ეს  რომ იყოს ლოკალური, რეგიონალური ფესტივალი, გასაგებია, თუმცა საერთაშორისოზე რომ გაქვს პრეტენზია, ამისთვის შესაბამისად მომზადებული უნდა იყო. საერთაშორისო პროექტი ერთ თვეში?- სასაცილოა",- განაცხადა მირანდა კუპრავამ.

მან ისიც აღნიშნა, რომ  ფესტივალის პროექტი ახალგაზრდა ბიჭების ენთუზიაზმი იყო, რომელიც ბიზნესის გადასარჩენათ სჭირდებოდათ.

ხელშეწყობის არ არსებობისა და ფინანსური პრობლემების გამო რამდენიმე დღეში კაფე-კინო "ბრაზერსი" ლიკვიდაცია იგეგმება, რაც დამწყები ბიზნესმენებისთვის იმედგაცრუების მიზეზი გახდა. 

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფასები იყო, ბევრჯერ გვქონდა საპრემიერო ფილმები, 3D  ჩვენებები.  არ ისურვეს ქალაქში შეენარჩუნებინათ კინო თეატრი.  ადამიანებს, ვისაც შეეძლოთ  ხელი შეეწყოოთ მცირე ზომის  კინო დარბაზი შეენარჩუნებინათ, უარი თქვეს ამაზე. არანაირი მხარდაჭერა არ გვიგრძნია, არც საზოგადოების და არც  მერიის მხრიდან. ქუთაისში ნორმალური ქსელი ბიზნეს არ ფლობს. ადგილობრივებისათვის ჭამა-სმა და ჩასაცმელია ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ქალაქში ინვესტიციას აღარასდროს განვახორციელებთ“,-  თქვა ლევან ჭავჭანიძემ. 

გადაწყვეტილება მიღებულია, რამდენიმე დღეში კაფე-კინო "ბრაზერსი" დაიხურება. თუმცა არსებული ინფორმაციით ქალაქი კინოს გარეშე არ დარჩება. რამდენიმე თვეში "კინო საქართველო" დაიწყებს ფუნქციონირებას. თუმცა  გაამართლებს თუ არა რამდენიმე მილიონიანი პროექტი, ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

   

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი