|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მორიგე ბაღების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს

ქუთაისში მორიგე საბავშვო ბაღის დამატებას ითხოვენ. საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭო, მესამე მორიგე ბაღის დამატების რეკომენდაციით მერიას მიმართავს. საბჭოს წევრების ინფორმაციით, ქალაქში არსებული 2 მორიგე ბაღი საკმარისი არაა.

ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ოთარ ლორთქიფანიძის განცხადებით, მოხდება ხარჯთაღრიცხვის შედგენა, რის შემდეგაც რეკომენდაცია მერიას გადაეგზავნება.

"ორი ბაღი არ არის საკმარისი. ზაფხულში ბავშვების მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ, ამიტომ მერიას მივმართავთ მოხდეს მესამე ბაღის დამატება. შევისწავლით ფინანსურ საკითხს, ადგილმდებარეობას, ისე,  რომ გათვლილი იყოს ყველა უბანზე და ამის შემდეგ გადავუგზავნით მერიას", -განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.

მესამე ბაღის დამატების თემაზე მსჯელობენ ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. ააიპის მმართველმა დავით წიტაიშვილმა განმარტა, რომ საკითხის შესასწავლად ერთთვიანი ვადა აქვთ.

"ბავშვი არის პრიორიტეტი და თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს მათთვის. ჩვენი ამოცანაა, ბავშვს ქონდეს სრულყოფილი სერვისი და მომსახურეობა. მორიგე ბაღებიც ამიტომ არის ქალაქში, რომ ზაფხულის განმავლობაში ბავშვებს და მშობლებს პრობლემა არ შეექმნათ. ორი მორიგე ბაღია.  ერთი ცენტრში და მეორე გარეუბანში. უბნები მოთხოვნების მიხედვით ირჩევა, სადაც მეტი მიმართვიანობაა. გასულ წელს 600  ბავშვზე იყო მოთხოვნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ რეალურად მომსახურეობით ნახევარმა ისარგებლა. ამიტომ შევისწავლით,  დაითვლება ხარჯი, მოხდება ბიუჯეტიდან ამ თანხის გამოყოფა. ერთ თვეში გვექნება სრული პასუხი", - აცხადებს დავით წიტაიშვილი. 

ქუთაისში 37 საბავშვო ბაღია. ამათგან ზაფხულის არდადეგებზე ორი ბაღი ფუნქციონირებს და ისინიც მხოლოდ ივლისში მუშაობენ. ააიპში აცხადებენ, რომ აგვისტოში ბაღებზე არ არის მოთხოვნა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა