|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საახალწლო განათებების მომწყობი ფირმა, შესაძლოა, დაჯარიმდეს

საახალწლო განათებების მომწყობი კონტრაქტორი ფირმა ქუთაისის მერიამ, შეიძლება, დააჯარიმოს,-ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ ფირმას ხარვეზების გასასწორებლად სამი  დღის ვადა აქვს მიცემული.

„ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს უხარისხო და არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოსთან, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ამასთან მერიაც გამოთქვამს პრეტენზიებს კომპანიის მიმართ, განსაკუთრებით ფალიაშვილისა და ცისფერყანწელთა ქუჩებზე, ასევე თეთრი ხიდის ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან, თვითმმართველობა კონტრაქტორის დაჯარიმების გადაწყვეტილებას მიიღებს, რისთვისაც შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. ინდ.მეწარმეს მიეცა სამდღიანი ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის“, -ნათქვამია მერის განცხადებაში.

მერიის განცხადებით თანახმად, ბოლო წლებში საახალწლო განათებისთვის ქუთაისის მერიას ახალი ნათურები არ დაუმატებია. ის თანხა, რაც ახალ განათებებში უნდა დახარჯულიყო, სოციალურ პროგრამებს მოხმარდა. რადგან ნათურები მოძველდა, წელს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეტაპობრივად შეიცვალოს ძველი განათება ახლით. შესაბამისად, გამოცხადდა ტენდერი 49 000 ლარის ფარგლებში, რომელიც ჩაიშალა. ტენდერი გამოცხადდა მეორედ და დაფიქსირდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, ინდ.მეწარმე კობა ჯღარკავა, რომელმაც ტენდერი 47 000 ლარად მოიგო.  გამარჯვებულმა  კომპანიამ ვალდებულება აიღო სამუშაოები 25 დეკემბრამდე დაესრულებინა.

ავტორი: ნიუპრესი