|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„თავისუფალი ზონის“ სამი წევრის დაკავებას შიმშილობის აქციით აპროტესტებენ

ქუთაისში „თავისუფალი ზონის“ სამი წევრის დაკავებას  შიმშილობის აქციით აპროტესტებენ.  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შიმშილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები: ნატალია  ქუთათელაძე, კახა ქორიძე, ბექა ქვაჩაკიძე, კახა ხვარეშია და თემურ გონჯილაშვილი.

 „უვადო შიმშილობით უკანონოდ დაკავებულებს სოლიდარობას ვუცხადებთ. ამ აქციით სოლიდარობას ვუცხადებთ ასევე თავისუფალ სიტყვას და რუსთავი2-ს“,- განუცხადა  „ნიუპრესს“ ერთ-ერთმა მოშიმშილემ, კახა ქორიძემ.

დაკავებულების მხარდასაჭერად ქუთაისში იმყოფება „თავისუფალი ზონის“ დამფუძნებელი კობა ხაბაზი“, რომელიც ამავდროულად არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  პოლიტიკური საბჭოს წევრი.  კითხვაზე, თუ რატომ მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ზომას და არ ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, კობა ხაბაზმა „ნიუპრესს“ განუმარტა, რომ  დაკავებულებს უკვე მიუყენეს 239 -ე, ხულიგნობის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, 4-დან 7 წლამდე და არა ადმინისტრაციულ სასჯელს, როგორც ეს ხდებოდა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეურაცხყოფის შემთხვევებში. ხაბაზის შეფასებით, ,,ქვეყანაში შერჩევითი სამართალია“: „მე არასდროს დამავიწყდება ჩიორა თაქთაქიშვილის გახეთქილი ტუჩი, საიდანაც მას სისხლი სდიოდა. ამ ფაქტს ადმინისტრაციული სამართლის კვალიფიკაცია მიეცა, თავისუფალი სიტყვის დამცველებს კი სისხლის სამართლის მუხლი წაუყენეს“,- აღნიშნა მან.

როგორც ცნობილია, "ზონის" წევრები  იზოლატორში  თავადაც შიმშილობენ.

როგორც შსს წარმომადგენელმა "ნიუპრესს" განუმარტა,  დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა