|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "თეთრი ხიდის" დაზიანებული ნაწილის აღდგენის დრო უცნობია

ქუთაისში “თეთრი ხიდის“ ნაწილი კვლავ გადაკეტილია. 2018 წლის დეკემბერში დაზიანებული მინა ამ დრომდე არ აღდგენილა.

გასულ წელსვე მერმა ხიდის რეაბილიტაციისთვის განმეორებითი ტენდერი დაანონსა. გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, რომ შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული თანხით მოხდებოდა ხიდის დაზიანებული ნაწილის აღდგენა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

„ნიუპრესი“ დაინტერესდა, როდის გამოცხადდება ტენდერი და რა სამუშაოები განხორციელდება. მერიაში დაზუსტებული პასუხი არ აქვთ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გაჟღერებული სამუშაოების შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას გვირჩევენ.

მერიაში ასევე არ საუბრობენ, რა ეტაპზეა დავა მერიასა და კომპანია „ალმა რუს საქართველოს“ შორის. კომპანიის წარმომადგენლებთან კი დაკავშირება არ ხერხდება, თუმცა ამ თემაზე საუბარს იქაც თავს არიდებენ.

საზოგადოებისთვის ასევე უცნობია, დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შედეგები.  არც ხიდზე „მოხტუნავე ბავშვები“ დასჯილან და არც კომპანია, რომელმაც სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა.

„თეთრ ხიდზე“ სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა. მერიამ 435 999  ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო მერიის და კომპანიის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. მერია კომპანიისგან 185 000 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვდა,  ამასთან, კომპანიას ჯარიმის გადახდაც დაავალა.

 

 

ქუთაისის მერია "თეთრი ხიდის" სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სასამართლოში უჩივლებს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი