|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა თანხა გადაუხადა მერიამ კომპანიას "თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის?

 როგორც ქუთაისის მერის წარმომადგენელმა ბექა ყურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  თეთრი ხიდზე განხორციელებული სამუშაოებისათვის კომპანიას მიღებული აქვს 290 ათას ლარამდე თანხა. იმავე დღეს კი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ განაცხადა,  რომ მერიამ "ალმა რუს" 315 ათასი ლარი გადაურიცხა და ამ თანხას წყალში გადაყრილი თანხა უწოდა. 

ჩვენ ციფრების გადამოწმებისათვის კვლავ დავუკავშირდით მერიას, სადაც განგვიმარტეს: "კომპანია "ალმა რუს საქართველოს" ქუთაისის მერიისგან უნდა მიეღო 315 400 ლარი,  თუმცა, აღნიშნული თანხიდან ჯარიმის სახით დაუკავდა 20 500 ლარი და სულ ჩარიცხული აქვს 294 900 ლარი". 

 საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ კი განმარტა,  რომ მან სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით იხელმძღვანელა. 

აღნიშნულ საიტზე მერიის მიერ კომპანიისათვის გადახდილ თანხად მართლაც  315 392.98 ლარია მითითებული. 

მერიის განცხადება, გადარიცხული თანხის დაკავების შესახებ გაუგებრად მიაჩნია გიგა შუშანიას. მისი თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება გადარიცხული თანხის დაკავება. 

როგორც ცნობილია, მერია გადარიცხული თანხიდან 185 ათასი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს, რისთვისაც კომპანიას 5 დღის ვადა მისცა. ამასთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას "თეთრ ხიდთან" ბუტაფორიული თეთრი ქვების მოტანის გამო ადმინისტრაციული ოქმი გამოუწერა, რაც 2 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მერიაში აცხადებდნენ, კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილი იყო და მას ქვები ადგილზე არ უნდა მოეტანა. "ნიუპრესის" კითხვაზე, თუ რატომ დაემთხვა ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღს ქვების მიტანა, ბექა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.  

საწინააღმდეგოს აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ ჩიკვაიძე. მისი თქმით, მან იცოდა, რომ 5 დეკემბერს ხელშეკრულების თარიღი იწურებოდა, ამიტომ მერიას  წერილობით მიმართა და ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივება ითხოვა. 

 "5 დეკემბერს ხელშეკრულების მოქმედების ვადა მთავრდებოდა, ამიტომ ჩვენ წერილობით მივმართეთ, ვინაიდან პროექტი იყო დაუსრულებული, გაეგრძელებიათ ვადა, ამიტომ მოვიტანეთ ქვები, რომ დაგვესრულებინა სამუშაოები", -განაცხადა ზურაბ ჩიკვაიძემ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, "თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში NAT180005534 გამარჯვებულად "ალმა-რუს საქართველოს" ფილიალი გამოცხადდა.  მერიასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 24 მაისს 435 997.65 ლარზე გაფორმდა.  თავდაპირველად ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2018 წლის 22 სექტემბერი განისაზღვრა, თუმცა, მას შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის თარიღი სამჯერ შეიცვალა. თავდაპირველად, ვადა 5 ოქტომბრამდე, შემდეგ 5 ნოემბრამდე, ბოლოს კი 5 დეკემბრამდე გადაიწია. 

 აქედან გამომდინარე, 5 დეკემბერს, როდესაც კომპანიამ ტერიტორიაზე ქვები მიიტანა, მას ჯერ კიდევ ჰქონდა ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ოქმს დაჯარიმების შესახებ, ის 6 დეკემბერს ღამის საათებში, დაახლოებით 2 საათზეა გამოცემული. 

 რა ფორმით გაგრძელდება მერიასა და კომპანიას შორის ურთიერთობა, კომპანიის წარმომადგენელი ამის შესახებ საუბრისაგან თავს იკავებს. შეასრულებს მერიის მოთხოვნებს, თუ სასამართლოს მიმართავს, მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ. 

 თავის მხრივ, ჯერჯერობით ვერც მერიაში საუბრობენ, თუ რა ბედი ეწევა მათ მიერვე დაწუნებულ "თეთრ ხიდს". როგორც ბექა ყურაშვილმა განაცხადა, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოთქმული შენიშვნები გახდა. შენიშვნებს შორისაა ხიდზე დამცავი ლაქის გადაცლაც.  გამოაცხადებს მერია ხიდზე სამუშაოებისათვის ახალ ტენდერს თუ "თეთრი ხიდი" ამ სახით დარჩება, ამის შესახებ ბექა ყურაშვილის თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.

 ფოტო: მერიის პრესსამსახურის 

ავტორი: ირინა მაკარიძე