|
  • EUR 1 = GEL 3.6581
  • USD 1 = GEL 3.1557
|

რას უკავშირდება ფერო-სილიკონ-მანგანუმის ექსპორტის გაორმაგება?

საქასტატის მონაცემებით,  მაისში ფერო-სილიკონ-მანგანუმის ექსპორტი 46%-ით გაიზარდა.  “ფეროშენადნობთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილმა “საქმის კურსთან” გაზრდილი ექსპორტის მიზეზებზე ისაუბრა.

 მისი თქმით,  გასულ წელს რამდენიმე მცირე საწარმო გაიხსნა, რომლებმაც პროდუქცია ექსპორტზე გაიტანეს.

“ექსპორტის ზრდის ტენდენცია დაიწყო დეკემბრის ბოლოდან. ყველაფერთან ერთად გაიზარდა ფასი ფერო-სილიკონ-მანგანუმზე და 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ფასების მატება გამოწვია გლობალურმა პროცესებმა - პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდა ყველა ქვეყანაში შეინიშნება, განახლდა პროექტები, დაიწყო მშენებლობები, მეტალზე დიდი მოთხოვნაა და მეტალის წარმოება ფერო-სილიკონ მანგანუმის გარეშე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე მოთხოვნაც გაიზარდა. ამან თავის მხრივ გამოიწვია ფასების ზრდა. საკმაოდ კარგი პერსპექტივები ჩანს”, - აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.

მისივე თქმით, ექსპორტის ზრდის ხელისშემწყობი იყო ის გარემოებაც, რომ ქართულმა ფერო-სილიკონ-მანგანუმმა თურქეთში ინდური პროდუქცია ჩაანაცვლა.

ნუგზარ კევლიშვილი განმარტავს, რომ ინდოეთი ფერო-სილიკონ-მანგანუმის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, თუმცა იქ არსებულმა კოვიდ-ვითარებამ წარმოება შეამცირა.

“აქედან გამომდინარე, ქართულ პროდუქტზე გაიზარდა მოთხოვნა”, - აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული ფერო-სილიკონ-მანგანუმის ექსპორტი, ძირითადად, აშშ-სა და რუსეთში ხორციელდება.
ცნობისთვის, საქასტატის მონაცემებით,  მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა,  5 თვეში კი, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელია 11.5%.  ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა 24.4%-ით გაზრდილმა ექსპორტმა.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 18.99%
გაუარესდა - 67.88%
არ შეცვლილა - 13.13%
სულ - 358 ხმა