|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საბინაო სამსახურის გაუქმებით ქალაქის ინტერესები დაზარალდება" -მერაბ მეშველიანი

"თუ თქვენ აპირებთ, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ჯოხი გადატეხოთ საბინაო სამსახურზე, ნუ გააკეთებთ ამას, რადგან ამით დაზარალდება ქალაქის ინტერესები", - განაცხადა  ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა საკრებულოს სხდომაზე. ამით "ევროპული საქართველოს" დეპუტატი რეორგანიზაციის ფარგლებში საბინაო სამსახურის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"რეორგანიზაცია უნდა ხდებოდეს საქმიანი ინტერესიდან გამომდინარე და მას არ უნდა ახლდეს პოლიტიკური ნიშანი. ოცნების ადგილობრივმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მისი ნიშა რეორგანიზაციისა იქნებოდა სწორედ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. თუ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში გაჟღერებული აზრი, რომ შეიძლება მოხდეს საბინაო სამსახურის რეორგანიზაცია და მისი სხვა სამსახურთან შეერთება, არ იქნება სწორი და საქმიანი გადაწყვეტილება, რადგან საბინაო და მრავალსართულიან კორპუსებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საჭიროა ცალკე სამსახურის არსებობა, რადგან მოხდეს ეფექტურად იმ საკითხების გადაჭრა, რაც მრავალსართულიანი ბინების წინაშე დგას. სხვა სამსახურთან შეერთება გამოიწვევს უამრავ ბიუროკრატიულ პრობლემას", -განმარტა მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.


შეგახსენებთ, ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის მორიგი ტალღა გამოცხადდა. როგორც მერიაში განაცხადეს, შესაძლებელია ზოგისამსახურის გაუქმება და დამსხვილება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროცესი სწორედ საბინაო სამსახურს შეეხება.
შეგახსენებთ, გასულ წელს რეორგანიზაციის ფარგლებში კულტურის სამსახური გაუქმდა და განყოფილებად გადაკეთდა. თანამშრომლების ერთი ნაწილი მერიის ააიპებში გადაანაწილეს, ნაწილი კი სამსახურიდან გაუშვეს. გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე