|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველო სამოთხეა" - ფერეიდნელ ქართველებს ქუთაისში შეხვედრა მოუწყვეს

"საქართველო სამოთხეა" - აცხადებენ ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, რითაც სიმბოლურად, წინაპრების მიერ საუკუნეების წინ განვლილი გზა უკან გამოიარეს.

ფერეიდნელი ქართველები შაჰრან ომიკაძე, ომიდ (ამირან) გუგუნაშვილი და ისმაილ რაჰიმი საქართველოში 10 სექტემბერს ჩამოვიდნენ. ისინი დიდგორობასთან დაკავშირებით ირანიდან საქართველოსკენ 11 აგვისტოს გამოემართნენ.

საქართველოში ჩამოსულ ქართველებს  ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის და წერეთლის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დახვდნენ.

"წითელ ხიდთან ქუთაისის დელეგაცია დახვდა, რომ არა ქუთაისი, ფერეიდნელ ქართველებს სამშობლოში სათანადოდ დახვედრა არ მოხდებოდა. ქუთაისი, როგორც ყოველთვის აქაც თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა. ქუთაისმა იმ დღეს საქართველო გამოაჩინა"-განაცხადეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე.

ფერეიდნელი სტუმრები დღეს ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტში მიიღეს.  წერეთლის უნივერსიტეტის დარბაზში სტუმრებს გულთბილი მიღება გაუმართეს.  მათ სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის და ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა და სტუმრებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში ანსამბლების  "ადილა" და "კოლხა" კონცერტი გაიმართა. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხით  გაგრძელდა.  

"მათ აჩვენეს, რომ გმირობა დღესაც შესაძლებელია"-, აცხადებს ფერეიდნელი ქართველების ვიზიტის ორგანიზარორი ტარიელ ფუტკარაძე. მისი თქმით, ამ ვიზიტით მათ უნდათ, ქართველებს აჩვენონ,  თუ რა ღირსეული წინაპრები ყავდათ, რომელთა ღირსეული გამგრძელებლები დღესაც არიან. ამით ჩვენ ვებრძვით ნიჰილიზმს, რომელმაც, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს საქართველოში დაისადგურა", -განაცხადა ტარიელ ფუტკაძარაძემ. 

პროფესორ ავთანდილ ნიკოლეიშვილის თქმით,  ფერეიდნელი ქართველები სამშობლოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. 

"ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ფერეიდნელი ქართველებისგან.  ასიათასობით ქართველი ცხოვრობს საქართველოს გარეთ, განსაკუთრებით თურქეთსა და ირანში, აქედან სამშობლოსადმი სიყვარულის მაგალითი უპირველესედ ფერეიდნელმა ქართველებმა აჩვენეს. თურქეთში მცხოვრებმა მილიონობით ქართველიდან მხოლოდ მცირე ნაწილმა შეინარჩულა ისტორიულ სამშობლოსთან სიახლოვე. მხოლოდ ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა აჩვენეს სამშობლოს სიყვარულის მაგალითი"- განაცხადა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.  აღსანიშნავია, რომ ის არის ავტორი ფერეიდნელი ქართველების შესახებ გამოცემული მონოგრაფიის. 

უნივერსიტეტის პრორექტორის შალვა კირთაძის თქმით, ფერეიდანში განსაკუთრებული ქართველები ცხოვრობენ და ქართულ ენას არ ივიწყებენ, მისი თქმით, ფერეიდანში ამბობენ: "ვინც ქართული დაივიწყოს, მას დამკრძალავი არ ეღირსოს" და ამგვარად აქვთ შენარჩუნებული ქართული კულტურა და ენა.

ფერეინდელ ქართველებს შეხვედრები უკვე  ქონდათ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.  ქუთაისიდან დღეს  ვანში გაემგზავრებიან. ისინი საქართველოში 22 სექტემბრამდე დარჩებიან. ამ დრომდე საქართველოს სხვადასხვა ადგილებს მოინახულებენ. 

 
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა