|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან, ბატონ ნიკანორ მელიასთან" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან, ბატონ ნიკანორ მელიასთან, რომელიც უკვე არის დამნაშავე. ის სასამართლომ გამოაცხადა დამნაშავედ. საქმე გვაქვს კრიმინალთან, რომელიც სულ რაღაც ერთი თუ ორი თვის წინ მოგვევლინა პარტიის თავმჯდომარედ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტია უარს აცხადებს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.

მისვე განმარტებით, ეს საკითხი არის დახურული და არ განიხილება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში ქვეყანაში აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, „რომ არავინ იდგეს კანონზე მაღლა ამ ქვეყანაში და კანონი უნდა აღსრულდეს“.

„მეორეს მხრივ, მინდა ეს განმარტება გავაკეთო ჩვენი გულწრფელი გულშემატკივარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი გულწრფელადაა შეწუხებული, რომ აქ, რაღაც გამოძიება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ისინი სიღრმეებში და დეტალებში არ არიან ჩასულები და არ იციან რეალური საფუძველი და შინაარსი ამ საქმეების, მაგრამ საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან ბატონ, ნიკანორ მელიასთან, რომელიც უკვე არის დამნაშავე. ის სასამართლომ გამოაცხადა დამნაშავედ. საქმე გვაქვს კრიმინალთან, რომელიც სულ რაღაც 1 თუ 2 თვის წინ მოგვევლინა პარტიის თავმჯდომარედ. რომელი პარტიის?! - რევოლუციური, დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ, ერთადერთი მოტივით, რომ როგორმე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ვითარება იმგვარად წარმოაჩინონ, რომ თითქოს ჩვენ პარტიის თავმჯდომარეს ვდევნით.

ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორგანიზებული შტურმი მოხდა სულ რაღაც 2019 წლის ივნისის თვეში, რა დროსაც დაშავდა 80 თუ 100-ზე მეტი პოლიციელი, ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე, ზოგიერთმა ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სინანულით აღვნიშნო ეს ფაქტი, მაგრამ მეორეს მხრივ, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ საქმე გვქონდა სახელმწიფო გადატრიალებასთან, შტურმის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის აღების მცდელობასთან. ჩვენ მაშინ ღიად ვსაუბრობდით, კითხვებს გვისვამდნენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. ჩვენ მათ ვეკითხებოდით, როგორ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო ეს იქნება ევროპაში, თუ ამერიკაში, რომ თუ ანალოგიური შტურმი განხორციელდებოდა, მაგალითად ბრიუსელში, პარიზში, გერმანიაში, აშშ-ში. ჩვენ ვნახეთ და მომსწრეც გავხდით იმისი, რომ კაპიტოლიუმზე მოხდა ასეთი ორგანიზებული შეტევა, შტურმის მცდელობა. ეს დასრულდა იმით, რომ 150 ადამიანი დაპატიმრებულია და 4 ადამიანის ლიკვიდირება ადგილზე მოხდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა