|
  • EUR 1 = GEL 3.0017
  • USD 1 = GEL 2.4402
|

შალვა ნათელაშვილი ქუთაისის მერიას უპირისპირდება

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქუთაისის მერიას უპირისპირდება. მისი განცხადებით,  ქუთაისის მერიიდან მისი თანაპარტიელი, ირაკლი კიკვაძე, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. 

ნათელაშვილის განცხადებით,  აპირებს თანაპარტიელის უფლებები სამართლებრივად დაიცვას.

„ჩვენ შეგვაქვს სარჩელი და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ, მონიტორინგი გაუწიოს სარჩელის განხილვის პროცესს, რომელიც ეხება ევროპაში უკვე უპრეცედენტო პოლიტიკური დევნის ნათელ და ილუსტრირებულ მაგალითს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ქუთაისის მერიაში ააიპი სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა კობა ფხაკაძემ უპასუხა. გაერთიანების მმართველის განცხადებით, ირაკლი კიკვაძე  პარტიული ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ, მისი თქმით, ამას მოწმობს ის ფაქტი რომ  მისი და ნათია კიკვაძე, რომელიც პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერის სამსონ გუგავას მეუღლეა,  მათთან მუშაობას განაგრძობს.

"შრომის კოდექსის საფუძველზე ირაკლი კიკვაძესთან ხელშეკრულება გვქონდა დადებული, რაც ითვალისწინებდა 6 თვიან გამოსაცდელ ვადას. ამის საფუძველზე ნებისმიერ დროს ცალმხრივად შემეძლო ხელშეკრულების გაწყვეტა. თუ რისთვის შევწყვიტე ეს ხელშეკრულება, შეეძლო მოემართა წერილობით ირაკლი კიკვაძეს და ასევე წერილობით გავცემდი პასუხს. ასე რომ, მე შრომითი ხელშეკრულება არ მავალდებულებს ავუხსნა, რის საფუძველზე გავათავისუფლე ირაკლი კიკვაძე და ის, რომ ეს არ მომხდარა პოლიტიკური ნიშნით ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენთან მუშაობს ირაკლი კიკვაძის და ნათია კიკვაძე, რომელიც სამსონ გუგავას მეუღლეა, ის აგრძელებს მუშაობს კადრების განყოფილებაში",-განაცხადა კობა ფხაკაძემ.

 

 ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე წლების განმავლობაში ქუთაისის მერიაში იყო დასაქმებული, მიმდინარე წლის იანვარში ის სპორტულ ააიპში გადაიყვანეს, საიდანაც  2 მარტს გაათავისუფლეს. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე