|
  • EUR 1 = GEL 4.0355
  • USD 1 = GEL 3.3198
|

სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა - მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე ეხმიანება. მეუფემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, ვითარება იმაზე კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოედგინა.

"ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, შეშფოთებული ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა და ამ ყველაფერმა კი შეიძლება ძალიან ბევრი რამე და ვინმე დააზიანოს. გულდასმით გავეცანი უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს. საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს- ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს. იმ გეო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება, არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა. გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ. ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი ავადსახსენებელ 90-იანებს დაემთხვა. დღემდე თვალებიდან არ ამომდის ის საშინელი შედეგი, რაც საზოგადოების პოლარიზებამ საქართველოს მოუტანა. მჯერა, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდება და ყოვლადმოწყალე უფალი დაგვიფარავს ამგვარი განსაცდელებისგან"-წერს მელქისედეკ ხაჩიძე.

ავტორი: ნიუპრესი