“სოციალური დახმარება რომ მიიღოთ, მიწაზე უნდა ცხოვრობდეთ“
წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილები სოციალური სტატუსის მოხსნას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე დღეა სოციალურმა სამსახურმა ბენეფიციარების შემოწმება და მათთვის სტატუსის მოხსნა დაიწყო. ფაქტმა მასობრივი ხასიათი მიიღო. სტატუს ის გარეშე რამდენიმე ოჯახი დარჩა. როგორც დევნილები აცხადებენ, სოციალური აგენტები მათთან მისვლის დროს მხოლოდ იატაკს ამოწმებენ. იმ შემთხვევაში თუ პარკეტი აქვთ, სოციალური დახმარება ეხსნებათ.
„ერთი კვირაა, დაიწყეს აგენტებმა სიარული. მოდიან და მხოლოდ იმას გვეკითხებიან, იატაკი როგორია. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, სასტუმროებში როგორი იატაკი იქნება. დაზიანებული იატაკიდან თაგვები ამოდიან, ამიტომ ყველგან ნოხები გვაქვს დაგებული. მოგვიდნენ აგენტები, ვაჩვენეთ იატაკი და გვითხრეს, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, პარკეტი გაქვთ. დახმარება რომ მიიღოთ, მიწაზე უნდა ცხოვრობდეთო. საიდან მოვიტანოთ მესამე და მეოთხე სართულზე მიწა. დამპალი პარკეტი გვაქვს და მასაც კი გვაყვედრიან“,-აცხადებენ სანატორიუმში მხცოვრები დევნილები.
შემოწმება უკვე ჩატარდა სანატორიუმებში: „ინტურისტში“, „აია“ და „წყალტუბო“. ყველგან დევნილებს სოციალური სტატუსი პარკეტის გამო შეუჩერდათ. დევნილებმა მას უკვე შეარქვეს „პარკეტის შემოწმება“. სოციალური აგენტების მოლოდინში არიან სხვა სანატორიუმში მცხოვრებლებიც. მოსახლეობა მთავრობას მიმართავს დაინტერესდეს ამ საკითხით.
არსებული ინფორმაციით, შემოწმება ადგილობრივ მოსახლებაშიც დაიწყო. ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელსაც იატაკის გამო 80 000 ქულა დაუწერეს, ადგილობრივ გამგეობას მიმართა, თუმცა გამგეობამაც განუცხადა, რომ მას პარკეტი აქვთ სახლში და საარსებოდ პენსიაც ეყოფა.
„ნიუპრესი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















