|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში მილიონი ადამიანი დღეში 5 ლარზე მეტს ვერ ხარჯავს

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 13%, ანუ დაახლოებით 600 ათასი ადამიანი დღეში 1,25 დოლარს, ანუ 2,18 ლარს ხარჯავს. საარსებო მინიმუმის ყოველდღიურ ხარჯზე - 5,18 ლარზე ნაკლებს კი, ექსპერტული გათვლებით, მოსახლეობის 20-30%-მდე, ანუ 900 ათასიდან 1,3 მლნ-მდე ადამიანი. 


სპეციალისტების თქმით, პროდუქტების ის რაოდენობა, რაც დღეს ქართულ მინიმალურ სასურსათო კალათაშია მოცემული, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, 4 წლის ბავშვის კვების რაციონსაც კი ჩამორჩება.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4 490,5 ათასს შეადგენს. მოსახლეობის 13%, რომლის დღიური მოხმარება 1.25 დოლარს არ აღემატება, რაოდენობრივად 583 765-ია.

ბოლო მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 155,4 ლარია, აქედან 70 % სურსათზე მოდის. 

მინიმალურ სასურსათო კალათაში 40-მდე დასახელების პროდუქტია. საერთო ჯამში, ყოველდღიურ მინიმალურ ნორმად 2300 კილოკალორიაა მიჩნეული. შესაბამისად, ადამიანს მინიმუმ 155,4 ლარი უნდა ჰქონდეს თვეში შემოსავალი (დღეში დაახლოებით 5,18 ლარი), რომ არსებობისთვის განსაზღვრული მინიმალური კილოკალორია მიიღოს.


სოციალურ-ეკონომიკური საკითხების ექსპერტს ნოდარ კაპანაძის განცხადებით, სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას, რომ საარსებო მინიმუმი არის 155,4 ლარი. გამოდის, რომ დღიური ნორმა არის 5,18 ლარი, მაგრამ იგივე სამსახური არაფერს ამბობს მოსახლეობის რა ნაწილი ხარჯავს დღეში ამაზე ნაკლებ თანხას. არადა, კაპანაძის განცხადებით, სტატისტიკას შეუძლია დათვალოს თუ რამდენი ადამიანი ხარჯავს საარსებო მინიმუმის დღიურ ნორმაზე ნაკლებს.


„რაც შეეხება ექსპერტულ გათვლებს. იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც 5,18 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, შესაძლოა, 20%-დან 30%-მდე იყოს, მაგრამ ესეც პირობითად. შეიძლება საარსებო მინიმუმზე მეტს ხარჯავდეს ადამიანი, მაგრამ იყოს ღარიბი.


ხარჯი არის ყოველდღიური, არის ყოველთვიური და ყოველკვირეული. არ ვიცი, გაეროს განვითარების ფონდმა რა ტიპის გამოკვლევა ჩაატარა. როდესაც საუბარია 1,25 დოლარის ხარჯზე, ეს ციფრი დადგენილია მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით თუ გაცვლითი კურსით. ორივე სხვადასხვა რამაა. შესაბამისად, იმას, თუ მოსახლეობის რა ნაწილი ხარჯავს დღეში 1,25 დოლარს, ვერ გეტყვით~, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ.


კვების მრეწველობის სპეციალისტი, შოთა ჩხეიძე კი ამბობს,რომ ქართულ სასურსათო კალათაში შეტანილი პროდუქტები და მათი ნორმა საერთაშორისო სტანდარტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 


`ნატოს სოფლის მეურნეობის დაგეგმარებისა და ჯანდაცვის კომიტეტმა 2011 წლის ივნისში მიიღო ახალი ნორმა, რომელიც ძველისგან თითქმის არ განსხვავდება, თუმცა ჩვენ მისგან ძალიან შორს ვდგავართ. იქ ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო ნორმებით ხორცი და ხორცპროდუქტების დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის შეადგენს 200 გრამს, საქართველოში კი სულ რაღაც 70 გრამია. პური და პურპრდოუქტების საერთაშორისო ნორმაა 200 გრამი, ჩვენთან - 380 გრამი, მოხმარება კი - 700 გრამი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პურის მოხმარება სიღარიბის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

ამავე მონაცემების მიხედვით, ადამიანმა დღეში 680 გრამი რძე და რძის პროდუქტები უნდა მიიღოს. საქართველოში ეს ნორმა მხოლოდ 215 გრამია. ბოსტნეულის წილი საერთაშორისო ნორმებით 680 გრამს შეადგენს, ქართული ნორმებით - 332 გრამს. ხილის დღიური ნორმა 454 გრამია, ჩვენთან სულ რაღაც 200 გრამი და ა.შ.", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შოთა ჩხეიძემ.


მისივე თქმით, პროდუქტების ის რაოდენობა, რაც დღეს ქართულ მინიმალურ სასურსათო კალათაშია მოცემული, საერთაშორისო ნორმების მიხედვით 3,5-4 წლის ბავშვის კვების რაციონსაც კი ჩამორჩება. 


"საქართველოში მოსახლეობის 80% რომ ღარიბია, ეს გაეროს მიერ არის დადგენილი. აქედან, 35% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, 45% კი არის ღარიბი. ესენი არიან განწირული ადამიანები, რომლებიც არიან მხოლოდ პურზე და მათი შემოსავალი სხვა ხარჯს ვერ ფარავს", -დასძინა შოთა ჩხეიძემ.


იმას, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ღარიბია, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. 2014 წლის მონაცემებით, საარსებო შემწეობას 436 318 ადამიანი იღებს. ეს ის ადამიანები არიან, ვისი სარეიტინგო მაჩვენებელი 57 ათას ქულას არ აღემატება. მათგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება იმ ადამიანების სოციალური ყოფა, ვისი სერეიტინგო ქულა 57 ათასიდან 100 ათასამდეა. ბაზაში კი ასეთი ქულის მქონე ადამიანების საერთო რაოდენობა 222 428-ს შეადგენს. საერთო ჯამში, 0-დან 100 ათასი ქულა მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს აქვს, ანუ 658 428-ს.


იმისათვის, რომ ღატაკი მოსახლეობის მაჩვენებელი შემცირდეს, შოთა ჩხეიძე აუცილებელ ფაქტორად სოფლის მეურნეობის განვითარებას ასახელებს.


გაზეთ "ბიზნეს რეზონანსის" მასალები


commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა