|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის მიერ გაყიდული ფართის გამო მოსახლეობა უცნობ ინვესტორს ეწინააღმდეგება

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობა, მათი კორპუსის მიმდებარედ მიწის ფართზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ნებისმიერი ტიპის მშენებლობის წინააღმდეგი არიან და აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის, ბავშვებისთვის გასართობი და დასასვენებელი ადგილის მოწყობას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, აღნიშნული ფართით რამდენიმე კორპუსში მცხოვრები ბავშვები სარგებლობენ.

ბუხაიძის ქუჩის მე-2 მიკრორაიონის #18-ა კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ უცნობმა პირებმა ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყების პრეტენზია ჯერ კიდევ გასულ წელს გამოთქვეს. თუმცა, მოსახლეობამ თავიდანვე წინაღმდეგობა გაუწიათ.

"ამ ფაქტის შემდეგ, ჩვენი სახსრებით, დავდგით ჯვარი, რადგან არასასურველი მშენებლობისგან ადგილი დაგვეცვა. ვიფიქრეთ, ქრისტიანები არიან და ჯვარს როგორ შეეხებიანთქო, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ისევ მოვიდნენ და  განაცხადეს, რომ ჯვარს სხვა ადგილზე გადაიტანენ," - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, ფოთოლა გაბუნია.

ბუხაიძის ქუჩაზე არსებული ტერიტორია, რომელზეც მესაკუთრეს ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა სურს, ქუთაისის მერიის თვითმმართველობის ბალანსზე 2008 წლამდე ითვლებოდა.

აღნიშნული ტერიტორია, 2008 წლის 14 იანვარს, აუქციონის წესით, მიწის ფართი თეიმურაზ ჭოხონელიძემ იყიდა, რომელმაც ფართი 2013 წლის 18 ივნისს გაყიდა. მიწა ამხანაგობა "ერთობის" საკუთრებაში გადავიდა.

Newpress.ge შეეცადა ამხანაგობა „ერთობა“-ს წარმომადგენელს, ნარგიზა ბობოხიძეს დაკავშირებოდა. ქუთაისის მერიის ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნული პირის საკონტაქტო მონაცემებს არ ფლობენ, რადგან თავდაპირველმა მესაკუთრემ ტერიტორია გაასხვისა.

ბობოხიძეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე მივაკითხეთ. თუმცა, საცხოვრებელი სახლი დაკეტილი აღმოჩნდა, ხოლო თავად ბობოხიძე, გაირკვა, რომ ყაზახეთის მოქალაქეა და ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მეზობლების განმარტებით, გამორიცხული არაა ნარგიზა ბობოხიძე ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს აშენებდეს.

"გამორიცხული არაა ააშენოს, იმიტომ რომ ქუთაისში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი აქვს და ფინანსურად საკამაოდ შეძლებულია," - განაცხადეს ბობოხიძის მეზობლებმა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ბობოხიძე ქუთაისში რამდენიმე კერძო საკუთრების მფლობელია. ის, ასევე,  კერძო საკუთრებას ფლობს ბათუმში.

ბუხაიძის ქუჩის მე-2 მიკრორაიონის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ტერიტორიის მესაკუთრე მიმდებარედ არსებულ ხელოვნურსაფარიან სტადონსაც მიისაკუთრებს და ბინის მშენებლობა სტადიონის ტერიტორიაზეც გადავა. გარდა ამისა, მოსახლეობის მტკიცებით, აღნიშნული ფართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები გადის.

"განაცხადეს, რომ გადაიტანენ სხვა ადგილზე კომუნიკაციებს, მაგრამ ჩვენ მაინც წინააღმდეგი ვართ. ამ პატარა ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ შეიძლება. ფანჯარა ხომ უნდა გავაღოთ და სახლში მზის სხივები შემოგვივიდეს. სახლთან ასე ახლოს კორპუსის აშენებას არ დავუშვებთ. მით უმეტეს, ირგვლივ კორპუსებს ეზოები არ გვაქვს და ამ ეზოში თამაშობენ ჩვენი ბავშვები," - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, მაყვალა ბაქრაძე.

მოსახლეობა ამბობს, რომ გასხვისებულ ფართზე უცნობი პირები რამდენიმე კვირის წინაც გამოჩნდნენ და მშენებლობისთვის ტერიტორია შემოსაზღვრეს. თუმცა, მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა, რასაც საპარტულო პოლიციის გამოჩენა მოჰყვა.

"წარმოგვიდგინეს პროექტი, რომელსაც ხელმოწერა არ ჰქონდა. ჩვენი წინააღმდეგობის შემდეგ წავიდნენ. პატრულიც აქ იყო და მათაც ნახეს ხელმოუწერელი დოკუმენტები," - აცხადებს უბნის მცხოვრები, ფოთოლა გაბუნია.

ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მესაკუთრეებს მშენებლობის დამტკიცებული პროექტი აქვთ და შესაძლოა, მოსახლეობას სამუშაო ვერსია წარუდგინეს. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მესაკუთრე 5 სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს და მიმდებარე სტადიონის ათვისება არ მოხდება.

მარჯანიშვილი განმარტავს, რომ ამ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგება. თუმცა, ამ დროისთვის მშენებლობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს.

"ნორმები ისეა დამახინჯებული წინა ხელისუფლების დროს, რომ რთულია საუბარი. მანამდე სანიტარული, სახანძრო და ინსოლაციის ნორმები დაცული იყო. ყველაზე უკეთესი ხელისშემშლელი იქნებოდა ურბანული განვითარების გენერალური გეგმა, სადაც მკაცრად იქნებოდა დადგენილი სავალდებულო სიმაღლეები და დაცილებები, რასაც ვერ გადაუხვევდა ვერავინ. თუ არ მოხდება, რაც შეიძლება მოკლე დროში, ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის დადება, ამ პროცესების შეჩერება შეუძლებელი გახდება. მავანს ჰგონია, რომ მე პირადად ვეწინააღმდეგები ამ ტიპის მშენებლობებს," - აცხადებს მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრო მარჯანიშვილი.

მისივე ინფორმაციით, როგორც კიადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შესაძლებლი გახდება, ურბანული განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პირველი ეტაპის გათვალისწინება მოხდება. თუმცა, ვიდრე მერიაში აღნიშნულ გეგმაზე მუშაობას დაიწყებენ, მანამდე გაუკვეველია აშენდება თუ არა ბუხაიძის ქუჩის მე-2 მიკრორაიონში 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, მოსახლეობას კი მესაკუთრესთან წინააღმდეგობის გაწევა კვლავ მოუხდება.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა