|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ბევრი ვიბრძოლე, ვიდრე საქართველოს ჩემპიონი გავხდებოდი“

თემურ (კალენიკე) ყურაშვილი საბრძოლო ხელოვნებით უკვე 11 წელია, დაკავებულია.  იგი შარშან ფედერაცია "შავფაროსნების"  ორგანიზებით ჩატარებული ორთაბრძოლის გამარჯვებულია. შეჯიბრი შერეულ კრივშიბრძოლა წესების გარეშე" გაიმართა, სადაც საუკეთესო ტექნიკის ფლობისთვის დააჯილდოვეს. თემური კუმფუ სანდაში გახდა ევრაზიის ჩემპიონი, რომელიც თბილისში 2012 წლის  9-10 ივნისს  გაიმართა.  მან  ცხრამეტი ბრძოლიდან ცხრამეტივე მოიგო. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ,  თემურ (კალენიკე) ყურაშვილი  „ახალი გაზეთის“ სტუმარია.

 

 დაიბადა ქუთაისში, სკოლა თერჯოლის რაიონში, სოფელ გოდოგანში დაამთავრა. როგორც იხსენებს, სერიოზული ბავშვი იყო. სამი ძმიდან თავად ყველაზე უფროსია,  ალბათ ამიტომაც  მისგან მეტ სერიოზულობას მოითხოვდნენ.  "არასდროს  მიყვარდა ბავშური ,,სისულელეები",  არასდროს მესმოდა რატომ ჩხუბობდნენ უფროსები,  ან რატომ არ ესმოდათ ერთმანეთის, - ამბობს თემური.

 

უყვარდა ფიქრი, წიგნების კითხვა, ბუნებაში სეირნობა, ხის იარაღების გამოთლა, თევზაობა, ნადირობა, დილაობით ბუნებაში სირბილი და ვარჯიში... პირველად საბრძოლო ხელოვნებით კი  მეექვსე კლასში დაინტერესდა, როდესაც ბებომ თავისი დეიდაშვილის ვარჯიშზე წაიყვანა.

 

როგორც ჩანს, ბებომ შეამჩნია, რომ მომეწონა იქაურობა. თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი, ალბათ. მკითხა, მინდოდა თუ არა მეც ვარჯიში. სიხარულით დავთანხმდი. ასე აღმოვჩნდი საბძოლო ხელოვნებაში ჩაბმული,“ - იხსენებს თემური.

 

პატარა მებრძოლმა პირველი გამარჯვება საბრძოლო ხელოვნებით დაკავებიდან მეორე დღესვე  მოიპოვა, რასაც ახლა სიამოვნებით იხსენებს: „როცა შემიყვანეს საბრძოლო ხელოვნებაზე, აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს შეჯიბრი იყოკოლხურ ბუღრაობაში. არ ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე, რომ მონაწილეობა მიმეღო ამ შეჯიბრში. რეგისტრაცია უნდა გამევლო და ვთხოვე დედაშვილს. მან  უარი მითხრა გამოუცდელობის გამო, მერე უფროსმა ბიჭებმა მაინც დამარეგისტრირეს და გავედი შეჯიბრზე. ორ რაუნდს ვაგებდი, მწვრთნელს ვკითხე, რა გამეკეთებინა. რაც გინდა, ის გააკეთეო“, - მითხრა.  დღემდე არ ვიცი,  რა მოვიმოქმედე. ფაქტია,  რომ მოწინააღმდეგე დავამარცხე და გავიმარჯვე“.

 

ზედმეტსახელიკალენიკესწორედ ამ შეჯიბრის შემდეგ შეარქვეს. სიტყვებმაკალენიკესავით იბრძოდიასე თუ ისე, მისი ცხოვრება შეცვალა და სტიმულთან ერთად ახალი სახელი შესძინა. დღეს სახელით "თემური"  მიმართვა უფრო უკვირს, ვიდრე -"კალენიკე".

 

 ამჟამად  ქართული საბრძოლო ხელოვნების მთავარი ტიტულის მფლობელია. თემური ამ შეჯიბრის არსს გვიხსნის: „ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში არსებობს სპორტის ერთ-ერთი სახეობა,  რომელიც აღვადგინეთ. ეს არის ქალაქური კრივი, სადაც ორი მებრძოლი იბრძვის ვიდრე ერთ-ერთი მათგანი ძირს არ დავარდება. მებრძოლმა  ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ძირს არ დაეცეს, რადგან თუ ძირს დაეცა, მას გადათელავენ. ეს იდეა არის ქალაქურ კრივშიც, რომლის შეჯიბრებები იმართება ღია ცის ქვეშ.  ჯერ არის საქართველოს ჩემპიონატი, სადაც გიწევს ძალიან გამოცდილ და კარგ მებრძოლებთან შერკინება, თუკი მათ მოუგე და გახდი საქართველოს ჩემპინი, შემდეგ ხვდები ფალავანს, ანუ "მთავარის" ტიტულის მფლობელს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა:  ჯერ ბევრი ვიბრძოლე, ვიდრე საქართველოს ჩემპიონი და პრეტენდენტი, მთავარის ტიტულის მფლობელი გავხდებოდი.“  

 კალენიკეს ამ ტიტულის  დაცვა საქართველოს ჩემპიონთან მოუწევს. ბრძოლა ახლო მომავალში გაიმართება...

გარდა საბრძოლო ხელოვნებისა, იგი ხეზე კვეთითაა დაკავებული. ერთ-ერთი დიდი ნამუშევარი, მისთვის ძვირფასი ღვთიშობლის ხატის ლუსკუმის მოჩუქურთმებაა.  ხატი ამჟამად ეწერის ტაძარშია დაბრძანებული.

თემურ ყურაშვილი წელს "ქუთაისის უნივერსიტეტის" ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტს ამთავრებს. ამბობს, რომ ამ უნივერსიტეტმა კარგი განათლება მისცა და ბევრი მეგობარი შეძინა. თუმცა, წელს ეროვნული გამოცდები განმეორებით ჩააბარა და ელექტროინჟინერის პროფესიას ეუფლება. თვლის, რომ განათლების მიღება აუცილებელია, რადგან იგი სპორტული წარმატების მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა.

არსებობს სტერეოტიპი, რომ თუ ბიჭი სპორტსმენია, მას სწავლა არ უნდა უყვარდეს, რაც არ არის სწორი. განათლება ყველაფრის საწყისია, ბავშვებმა სპორტთან ერთად უნდა წაიკითხონ წიგნები, რადგან ეს მათ განვითარებაში, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში ეხმარებათ.“

 რაც შეხება მის სამომავლო საქმიანობას, ასე გვპასუხობს:

 „არასოდეს დავანებებ თავს საბრძოლო ხელოვნებას, ეს ჩვენი ტრადიციებია.  თუმცა, ეს ის სფეროა,  რითაც თავს ვერ ირჩენ და ვერც ოჯახს შეინახავ. ამიტომ იმ პროფესიებით, რომლებიც ვისწავლე და ვსწავლობ უნივერსიტეტში, შევეცდები საქმე ვაკეთო. საბძოლო ხელოვნება ყოველთვის არის და იქნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.“

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა