|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძაღლების თავშესაფრით ფულს ვერ იშოვი "

ქუთაისში, ავტომშენებლის N53-ში განთავსებულ ძაღლების თავშესაფარში, ცხოველები შიმშილისა და სიცივისაგან იხოცებიან. მათ არ გააჩნიათ ელემენტარული პირობები. შენობას  არც კარი აქვს და არც ფანჯარა. იქ მისულებს ძაღლების წკმუტუნი, ყმუილი და საშინელი სუნი შეგძრავთ.

აღნიშნულ თავშესაფართან დაკავშირებით ტენდერი 2014 წლის 19 თებერვალს გამოცხადდა, რომელიც  ითვალისწინებდა შემდეგ პირობებს: „ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თვითმმართველი ქ.ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მოხეტიალე ან მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ცხოველების გადაყვანა სათანადო მოწყობილობებით აღჭურვილი ავტომობილით სპეც. სადგომზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად და ვეტექიმის შემოწმებამდე, სათანადო დასკვნის დაწერამდე, განახორციელოს მათი მოვლა-პატრონობა, ხოლო დასკვნის შემდეგ იმოქმედოს ექიმ-ვეტერინარის მითითებებით.

უპატრონო ძაღლების დაჭერა უნდა მოხდეს თანამედროვე ძაღლსაჭერით და უმტკივნეულოდ მაშებით, მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სეციალური დამჭერი ხელთათმანის მეშვეობით. დაჭერილ ძაღლთა ტრანსპორტირება თავშესაფრამდე მოხდეს სპეციალური ავტომობილით. მიყვანილი ძაღლები უნდა განთავსდეს იზოლირებულ საკარანტინო გალიებში და რამოდენიმე დღის განმავლობაში მათზე დაკვირვება უნდა მოახდინონ თავშესაფრის ვეტექიმებმა, რომელნიც აღჭურვილი უნდა იყვნენ ყველა სახის საჭირო მედიკამენტებით, რაც საჭიროა ძაღლთა სრულ გამოსაჯანმრთელებლად. თავშესაფრის გალიები მოწყობილი უნდა იქნეს თანამედროვე სტანდარტებით, ყოველდღიურად მოხდეს ძაღლების ბუნაგების ჩარეცხვა-დასუფთავება, ხოლო ყოველ ათ დღეში დეზინფექცია ჩაუტარდეს ცხოველთა სამყოფ გალიებს და მოხდეს მათი დაბანა-დასუფთავება სპეციალური ხსნარით. ძაღლთა კვება უნდა მოხდეს ორჯერ. ძაღლები, რომლებიც იქნებიან უკურნებელი სენით დაავადებული მოხდეს მათი დაძინება. ათდღიანი დაკვირვების და დასკვნის დაწერის შემდეგ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას უფლება აქვს იმოქმედოს ვეტექიმის მითითებების შესაბამისად.

ტენდერში ინდმეწარმემ „,პაატა ბოკუჩავა“ გაიმარჯვა, რის შემდეგაც ის 89 990 ლარით  დაფინანსდა. ქუთაისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ინდმეწარმეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების დაცვას ავალდებულებდა.

,,ახალი გაზეთი“ კინოლოგთა ორგანიზაციის კლუბ “Tobe Dogs” -ის პრეზედენტ მინდია ყიფიანს დაუკავშირდა. „როცა ქალაქის მერთან, შოთა მურღულისთან  იყო შეხვედრა, მან გაგვაცნო ჩვენ  ტენდერის შედეგები, რომ გაიმარჯვა ერთ-ერთმა ინდ.მეწარმემ, რომელთანაც სწორედ იმ პერიოდში მიმდინარეობდა ხელშეკრულების გაფორმება. მე მახსოვს გაგვაცნო ხელშეკრულების პირობები, რომელიც იმდენად კარგი იყო და მომეწონა, რომ მივესალმე ამ ყველაფერს და ძალიან გახერებული დავრჩი. სამწუხაროდ, რაც ახლა ხდება თავშესაფარში, ეს არის ძაღლთმოძულეობა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძაღლების თავშესაფრით ფულს ვერ იშოვი და თუ ეს საქმე არ გიყვარს, ხელი არ უნდა მოკიდო,“ - განაცხადა ყიფიანმა.

„ახალი გაზეთი“ შეეცადა ინდმეწარმე „,პაატა ბოკუჩავასთან“ დავკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ბოკუჩავასთან დადებული ხელშეკრულების ვადა 2015 წლის პირველ იანვარს იწურება, რის შემდგომაც ახალი ტენდერი გამოცხადდება და ისინი, სწორედ ამის შემდგომ გააკეთებენ კომენტარს თავშესაფართან დაკავშირებით.

ვიდრე ქუთაისის მერია ახალი ტენდერისთვის ემზადება, ზამთრის მოახლოებასთან ერთად თავშესაფარში მოთავსებული ძაღლების რიცხვი დღითიდღე კლებულობს, რადგანაც ისინი სიცივესა და შიმშილს ვეღარ უძლებენ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა