|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პასიური კრიტიკა „გამომსწორებლის“ დანიშნულებით

კულტურაში არსებულ დეფიციტთა შორის მოიხსენიება ლიტერატურული კრიტიკაც. შესაძლებელია დეფიციტი შექმნა იმან, რომ კულტურა კრიზისშია. კრიზისში, რომელიც თავდაპირველი მნიშვნელობით სამსჯავროს, სასამართლოს, განსჯას, ძიებას ნიშნავს. ანუ კრიზისი იგივე კრიტიკაა. და თუ კრიტიკა ნაკლებია, გამოდის განსჯაც და შესაბამისად კრიზისიც ნაკლებია.  ანუ ქართულ კულტურაში სრულფასოვანი კრიზისიც არ არსებობს. არადა კულტურას „სჭირდება“ კრიზისი. იმიტომ, რომ კრიზისი კრიტიკას უკავშირდება. კრიტიკას, რამაც კულტურას ბევრი რამით უნდა არგოს.

თუმცა, აღნიშნული „მარგებელი“, ქართველი მწერლების შეფასებით, საქართველოში დღეს უჩინარი და ფრიად პასიურია. „ვერ ვიტყოდი რომ კრიტიკა აქტიურია. მე ვფიქრობ, რომ კრიტიკის არარსებობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზია იმ ქაოსისა, რომელიც ქართულ კულტურაში ტრიალებს დიდი ხანია“, - მიაჩნია მწერალ ზაზა კოშკაძეს.

კრიტიკის პასიურობის მიზეზებს ფესვები ახლო ისტორიაში ეძებენება. „ეს ალბათ თერგდალეულების პერიოდიდან მოდის. ჩვენ, ქართულ კლასიკურ ლიტერატულ ნაწარმოებებს წარმოგვიდგენდნენ როგორც ხელშეუხებელ, წმინდა სამუზეუმო ექსპონატებს, რამაც ხელი ძალიან შეუშალა მის სწორედ გააზრებას“, - მიაჩნია ზაზა კოშკაძეს.

სწორად გააზრების პრობლემა იქმნება არა მარტო კრიტიკის საგნების და თემების საკითხში, არამედ თავად კრიტიკასთან მიმართებაში. დღეს კრიტიკას ან არ ითხოვენ, ან კრიტიკისგან ითხოვენ იმას, რაც მის კომპეტენციაში არ შედის.  „კრიტიკის ფუნქცია არ არის რაიმეს გამოსწორება, მისი მოვალეობა უფრო "დალაგებაა" ვიდრე გამოსწორება...კრიტიკამ უნდა გაანალიზოს და კუთვნილი კონტექსტი მოუნახოს ნაწარმოებს არსებული გამოცდილების გათვალისწინებით“, - ამბობს ზაზა კოშკაძე.

კრიტიკას სხვა გამოცდილება გააჩნდა გასულ საუკუნეებში. „მე-19 საუკუნეში ეგონათ, რომ კრიტიკა ლიტერატურას აუმჯობესებს, ლიტერატურას სადღაც მიუძღვება, სადღაც უკეთესობისკენ“, - ამბობს მწერალი ტარიელ დათიაშვილი.

თუმცა, კრიტიკას სხვა როლს აკისრებენ დღეს და ლიტერატურის სხვა განზომილებაში განიხილავენ. „კრიტიკა ავითარებს კრიტიკას, ლიტერატურა ავითარებს ლიტერატურას. რა თქმა უნდა, კრიტიკა არის ლიტერატურის შესახებ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს - კრიტიკას უფრო საკუთარ თავთან აქვს საქმე, ვიდრე ლიტერტურასთან. იგი დამოუკიდებელი ფენომენია აბსოლუტურად. და ეს ნებისმიერი რამის კრიტიკას ეხება“, - ამბობს ტარიელ დათიაშვილი.

„ნებისმიერი რამის კრიტიკას“ დანიშნულბა ერთი აქვს. „კრიტიკა ასახავს ყველაფერს: გაჩვენებს სად იმყოფები, როგორი ხარ, როგორ იმყოფები, გიბიძგებს იმის არჩევანისკენ შენ როგორი გინდა იყო. იგი გიქმნის გარემოს. აქ არის  ყველაფერი: მომავალიც, წარსულიც,  აწმყოც, ყველაფერი ერთად გვაქვს. რაც არსებობს და რაც არ არსებობს. ყველაფერი ამ სინამდვილეშია. მერაბ მამარდაშვილი ამბობს, რომ „არ არსებობს“ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის არ მონაწილეობს ჩვენს ცხოვრებაში იმ სახით,  რა სახითაც ის არარსებობს“ - ამბობს ტარიელ დათიაშვილი.  

საქართველოში, მაგალითად, ამბობენ, რომ არ არსებობს კრიტიკის სკოლა. არადა სკოლა კრიტიკისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევა. „კრიტიკას სჭირდება სკოლა. კრიტიკას ვერ განავითარებ სკოლის გარეშე. რადგან იგი მაინც აზროვენების ნიმუშია. აქ აზროვნება მეტი წილია, ვიდრე დავუშვათ გამოსახვითი ხელოვნების ხერხები. თუმცა მაინც ჩვეულებრივი ლიტერატურაა“, - ამბობს ტარიელ დათიაშვილი.

სკოლის არსებობის აუცილებლობას ტარიელ დათიაშვილი ვერ ხედავს მხატვრული ლიტერატურისთვის, რადგან ტარიელის აზრით ლიტერატურა, თანაც დიდი ლიტერატურა შესაძლებელია, განსაკუთებული წინაპირობების გარეშე, „არაფრიდან“ ამოიზარდოს. „ლიტერატურას სკოლა არ სჭირდება, შეიძლება ჰომეროსი, დანტე უცებ მოვიდნენ და დადონ სრულქმნილი ტექსტები. როდის და  სად იქმნება ეს ლიტერატურა ამაზე პასუხი არ არის. მართალია განმაპირობებელი ნიშნები არის, რაც სავარაუდოდ შეიძლება იყოს მათ წარმოშვებაში მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც - მხოლოდ სავარაუდოდ. რადგან სინამდვილეში რა ქმნის, ვინ ქმნის შექსპირს, სერვანდეტესს საიდან მოდიან, ეს არავინ იცის!“- მიაჩნია ტარიელ დათიაშვილს.

სამაგიეროდ, საიდან მოდის კრიტიკის არასრულფასოვნება, ამის გარკვევა ალბათ შესაძლებელია. მის გზებს ხშირად აფერხებდა დაბრკოლებები, რომელიც უსულო და უსახურ ფორმად და შინაარსად აყალიბებდა „აზროვნების ნიმუშს“.

ხშირად ქართულ "იტიკას" პოლიტიკური შეფერილობა ჰქონდა და მასში სუფთა ლიტერატურული და ფილოსოფიური დისკურსებისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. იყვნენ "კონიუნკტურშიკი" ავტორები, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ სისტემას და იყვნენ პარანოიკები, რომლებსაც ჰქონდათ ქართული ენის გადარჩენის მისია. ეს არ იყო ჯანსაღი გარემო არც ლიტერატურისთვის და არც კრიტიკისთვის“, - ამბობს ზაზა კოშკაძე.

თუცმა, ეს პრობლემა არ დარჩა წარსულში, აღნიშნულ წარუმატებელ მიდგომებზე მწერლებს აწმყო დროშიც უწევთ საუბარი. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ დიდად არ შეცვლილა ეს ვითარება. დღემდე ქართველ მკითხველთა დიდი ნაწილი მწერლისგან მოითხოვს არა თხრობის ოსტატობას, ორიგინალურობას და რაღაცების ახლებურად გადააზრების მცდელობას, არამედ რაღაცის (ხშირ შემთხვევაში დედა-ეკლესიის და მიწა-წყლის) დიდებას“, - თვლის ზაზა კოშკაძე.

„დიადი ფუნქციის“ მქონე ფენომენი კნინად წარმოჩინდა. ნაკლებად იქცა დამოუკიდებელ მონაპოვრად, რომელიც უხილავს ხილულს ხდის.

„კრიტიკა უდიდესი რამაა, მთვარის მეორე მხარესავითაა. შემთხვევითი არაა მთვარე პოეზიის ძირითადი მეტაფორა. მთვარეს აქვს ორი მხარე: ხილული და უხილავი. უხილავი მხარე სულ ბნელია. კრიტიკა იმ ბნელი მხარის  გარკვეული ასახვაა. თუმცა დამოუკიდებელია.  მთვარის უკანა მხარე არასოდესაა მთვარის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მაგრამ მაინც განვიცდით. ვერ ვხედავთ, მაგრამ განვიცდით“, - ამბობს ტარიელ დათიაშვილი. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი