|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტორი ქვეყანა ლუქსემბურგია

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 232 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 3 პროცენტით აღემატება, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 7 პროცენტით.

2013 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 459 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის დაზუსტებული მონაცემების 96 პროცენტს შეადგენს. 2012 წლის მეორე კვარტალში კი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 218 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა სულ 480 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება 247 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა.

2013 წლის მეორე კვარტალში იმ ქვეყნებს შორის, ვინც პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა, ლიდერობენ ლუქსემბურგი (121.1 მილიონი აშშ დოლარი), ჩინეთი (79.4 მილონი აშშ დოლარი), ნიდერლანდები (65.0 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (38.1 მილიონი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (22.1 მლნ აშშ დოლარი), აშშ (19.0 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (13.6 მლნ აშშ დოლარი), შვეიცარია (9.0 მლნ აშშ დოლარი), და ვირჯინიის კუნძულები (5.3 მლნ აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ სიის სათავეში მყოფი ქვეყნების - ლუქსემბურგისა და ჩინეთის მიერ განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები მკვეთრად არის გაზრდილი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან და წინა წლებთან მიმართებაში. 2013 წლის პირველ კვარტალში ლუქსემბურგის მიერ განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვსტიციები 1.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა მაშინ, როცა მეორე კვარტალში, აღნიშნული მაჩვენებელი 121.1 მლნ აშშ დოალრია (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52%). ზოგადად, თუ 2013 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს არ გავითვალისწინებთ, ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიცია ამ ქვეყანამ 2011 წლის მეოთხე კვარტალში განახორციელა - 30.0 მილიონ აშშ დოლარი. 

იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთზეც, მეორე კვარტალში ამ ქვეყნის მიერ განხორციელებულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მთლიანი უცხოური ინვესტიციების 28 პროცენტი შეადგინა (79.4 მლნ აშშ დოლარი). გასულ კვარტალში ჩინეთის პირდაპირი ინვესტიცია 12.5 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ყველაზე დიდი ინვესტცია 2013 წლის მეორე კვარტლამდე გასული წლის მესამე კვარტალში - 17.9 მლნ აშშ დოლარი იყო.  

2013 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა - 66.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29%). დამამუშავებელი მრეწველობაში - 59.1 მლნ აშშ დოლარის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში - 46.0 მლნ აშშ დოლარის, მშენებლობაში - 38.6 მლნ აშშ დოლარის, ხოლო საფინანსო სექტორში - 13.1 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.


www.bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი