|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რთველი 2013" შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს (R)

საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. მოსახლეობა ყურძენს ყოველგვარი პრობლემის გარეშე აბარებს. რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით გახსნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს რთველის პროცესს.
"რთველი 2013" დედოფლისწყაროდან დაიწყო. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში გივი გიგაური ამბობს, რთველი შესანიშნავად მიმდინარეობს. კარგად არის ორგანიზებული და არავითარი შეფერხება არ არსებობს. გახსნილი ქარხნები დედოფლისწყაროშიც ფუნქციონირებს და ამ ყველაფერს მონიტორინგს უწევს, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო, ასევე საკოორდინაციო შტაბი: "ჩვენთან რთველი 26 აგვისტოს დაიწყო, ასეთი ჯიშით - მიწკაპით და 30 აგვისტოს საფერავის კრეფით გაგრძელდა. 866 ტონა რქაწითელი გვაქვს დაკრეფილი; საფერავი - 1379 ტონა. ფასები ერთი ლარის ფარგლებში მერყეობს. წელს, მოგეხსენებათ, სამი ჯიშის სუბსიდირება მოხდა სახელმწიფოს მხრიდან - ეს ჯიშებია: საფერავი, რქაწითელი და კახური მწვანე, როგორც ჩვენ ვეძახით. სხვა ჯიშებითაც, ე.წ. სუფრის ჯიშებითაც არიან დაინტერესებული კერძო კომპანიები. ეს გამოწვეულია იმ სწორი ნაბიჯებით, რომელიც ჩვენმა მთავრობამ გადადგა რუსეთთან მიმართებაში. ეს უკვე შესამჩნევად აისახა წლევანდელ რთველზე. შარშან, მაგალითად, მუსკატის ჯიშის ყურძენზე საერთოდ რომ არ იყო მოთხოვნა, ან თუ იყო, ძალიან დაბალ ფასებში იბარებდნენ, წელს თვითონ კერძო კომპანიებმა აიღეს ერთ ლარად, ოღონდ არავითარი სუბსიდია არ გაკეთებულა მასზე. ეს გამოიწვია ახალი გასაღების ბაზრის გახსნამ.
სახელმწიფომ შეფერხებების თავიდან ასაცილებლად შეიმუშავა სპეციალური პროგრამა და თვითონაც სარეზერვო ქარხანა გახსნა, დასეტყვილი, ან სხვა რამის გამო წუნდებული ყურძენი ჩაბარების გარეშე რომ არ დარჩენილიყო. რაც შეეხება ყურძნის ტრანსპორტირებას, თვითონ კომპანიებმა გასწიეს ამაზე ხარჯები. დედოფლისწყაროში ტრანსპორტირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თვითონ დიდი რაიონია და დიდი ხარჯი გამოდის მეპატრონეებისთვის", _ ამბობს გივი გიგაური.
რთველის პროცესის ნორმალურად მიმდინარეობაზე საუბრობენ ღვინის კომპანიებიც. ზურაბ გოლეთიანის კომპანია შპს "კახური" კახეთში, ყვარლის რაიონში, ერთ ქარხანას ფლობს, სადაც ხდება ყურძნის მიღება-გადამუშავება. თუმცა კომპანია, ფაქტობრივად, კახეთის ყველა რეგიონიდან იღებს ყურძენს: "რთველის პროცესი ნორმალურად მიდის. ჩვენი მოთხოვნა მოსახლეობის მიმართ არის ის, რომ უნდა მოიტანონ კონდიციური და შაქრის მაღალი შემცველობის ყურძენი; უნდა იყოს ხარისხიანი და დაუზიანებელი. ყველა კომპანია ცდილობს, შეიძინოს იმ რაოდენობის და ფასის ყურძენი, რომელიც მას აქვს მიზნად დასახული. დედოფლისწყაროდან, სიღნაღიდან ვიღებთ. ამ რეგიონებში სიმწიფეში უფრო ადრე შედის ყურძენი. შემდეგ სხვა რეგიონებიდანაც: ყვარელი, გურჯაანი და ა.შ. ყურძნის ტრანსპორტირება კი მოლაპარაკების ამბავია. ზოგს თავად მოაქვს, ზოგს ჩვენ ვუგზავნით ტრანსპორტს. ჩვენი ყვარლის ქარხანაში ხდება ამ ყურძნის ხარისხის დადგენა, შემდეგ აწონვა და ჩაბარება", _ ამბობს ზურაბ გოლეთიანი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2013 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, ყურძნის სავარაუდო შესყიდვაზე განაცხადის ფორმა წარმოადგინა 85 კომპანიამ. 2013 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით ხელშეკრულება სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული აქვს 45 კომპანიას. მათ შორისაა, კომპანია "ბაგრატიონიც". მისი გენერალური დირექტორის გიორგი რამიშვილის თქმით, ყველა პროგრამით ისარგებლეს, რაც მთავრობამ შესთავაზა: "სესხებიც გამოვიყენეთ და სუბსიდირებაც. ჩვენ ყურძენს ვიბარებთ სოფელ ჩალაუბნიდან და ნუკრიანიდან (სიღნაღის რაიონი). რქაწითელი ჩავიბარეთ ერთ ლარად. ამაში დაგვეხმარა სწორედ სახელმწიფოს სუბსიდია".
რთველის მიმდინარეობის პროცესს დადებითად აფასებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი, რომელიც ამავე დროს საკოორდინაციო შტაბს უდგას სათავეში: "რთველი 2013" შეფერხებების გარეშე, ნორმალურად მიმდინარეობს. 44 კომპანია იბარებს ყოველდღე ყურძენს. ზოგადად, სტაბილურობაა. დედოფლისწყაროში ფაქტობრივად დასრულებისკენ მიდის. ახლა სიღნაღია ყველაზე აქტიური. შემდეგ გურჯაანი, წინანდალი, თელავი, ყვარელი და ახმეტა დაემატება. სახელმწიფო ქარხნებს, დაახლოებით, 700 ტონამდე აქვთ მიღებული პრობლემური ყურძენი. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეულად კარგად მიმდინარე რთველია, რაც ბოლო წლებში იყო. შეიძლება მცირე რიგები იყოს, რამდენიმე საათიანი. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ ყურძნის გატარებას თავისი დრო უნდა. ეს რთველის თანმდევი პროცესია", _ აცხადებს ლევან დავითაშვილი.
რაც შეეხება მოსახლეობას, წლევანდელი რთველით უკმაყოფილოები არ არიან. ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის მცხოვრების ილო მიქაუტაძის თქმით, მის გარშემო არავის გამოუთქვამს რაიმე საყვედური რთველის შესახებ: ~ჩვენთან ჯერ საფერავი იკრიფება. ძალიან დაძაბული რთველი არ არის. საწარმოებს, ძირითადად, შაქრიანობაზე აქვთ მოთხოვნა. ამიტომ ჩვენთან შავი ყურძნის მეტი ჯერ არ იკრიფება. ფასის და ტრანსპორტირების ამბავიც არ ქმნის პრობლემას".
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა ვაჟა ბაწელაშვილმა ყურძენი უკვე ჩააბარა. მისი თქმით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა: "მე, ძირითადად, მაქვს შავი ყურძენი. დავკრიფე და წინანდლის ღვინის ქარხანას უკვე ჩავაბარე - 1კგ ყურძენი ლარად და 10 თეთრად. შეფერხება არ ყოფილა. ტრანსპორტის ხარჯები მე გადავიხადე და ამიტომ ლარი და 10 თეთრი შემომთავაზეს ყურძენში. ლარად და 5 თეთრად თუ აიტანდი, ტრანსპორტის ფულს გაძლევდნენ. თუ ლარს და 10 თეთრს გადაგიხდიდნენ, იმ შემთხვევაში ტრანსპორტი შენი უნდა ყოფილიყო. ჩემთვის უფრო მომგებიანი იყო, მე თვითონ ჩამეტანა საწარმოში და ასეც გავაკეთე".
როგორც ცნობილია, ახალი ბაზრის გახსნამ ღვინის კომპანიებს დიდი სტიმული მისცა მეტი რაოდენობის ყურძნის ჩასაბარებლად. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითისთვის, 2013 წლის აგვისტოს თვეში 5,557,879 ბოთლი იქნა ექსპორტირებული 17 ქვეყანაში, მაშინ, როცა 2012 წლის აგვისტოს თვეში სულ 2,227,681 ბოთლის ექსპორტი გახორციელდა.
რაც შეეხება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება: უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსია და პოლონეთი, სადაც უკრაინა ლიდერობს 35%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში, 2013 წლის აგვისტოს მდგომარეობით. ჩინეთი და ლატვია ექსპორტის მოცულობით მე-6 მე-7 ადგილზეა. ექსპორტმა რუსეთში 2013 წლის10 სექტემბრის მდგომარეობით სულ 7,347,826 ბოთლი შეადგინა.
რაც შეეხება რთველის მიმდინარეობას 2013 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ყურძენი 44 კომპანიის მიერ იქნა გადამუშავებული. ყურძენი კომპანიების მიერ გადამუშავებულია შემდეგ რაიონებში: ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი.

ავტორი: პრესსამსახური

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა