|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითმმართველობის საარჩევნო ხაზინა

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში, მიმდინარე წლს მერის სარეზერვო ფონდის მოცულობა 500 000 ლარს შეადგენს, რაც 100 000 ლარით მეტია გასული წლის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტთან შედარებით.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარატავენ, რომ ფონდის მზარდი ბიუჯეტი დაგეგმილი შემოსულობებისა და დაუგეგმავი ხარჯვითი ნაწილის გაზრდით არის განპირობებული. ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თეიმურაზ ცაგარეიშვილის განმარტებით, წინა წლებთან შედარებით, ქალაქს მეტი შემოსავალი გაუჩნდა, რის საფუძველზეც მოხდა ზოგადად  ქალაქის ბიუჯეტის გაზრდა და შესაბამისად, აღნიშნული ფონდის მატებაც. 
 როგორც ირკვევა, გასულ წელს სარეზერვო ფონდში ჩადებული 400 000 ლარიდან, მხოლოდ 292 900 ლარის ათვისება მოხდა. 
`ამ თანხების გამოყენება მოხდა საგანგებო და გაუთვალისწინებელი  ხარჯებისთვის. ასევე, ფონდიდან თანხა აღებული იქნა მოსახლეობის მატერიალური დახმარებისთვის", - განმარტავს თეიმურაზ ცაგარეიშვილი. როგორც მერიაში ირწმუნებიან, სარეზერვო ფონდიდან ძირითადი თანხა მოსახლეობის ფულადი დახმარებისთვის გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტში ცალკე გათვალისწინებულია `მატერიალური დახმარების" პროგრამა. აღნიშნული პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 150 000 ლარით არის განსაზღვრული.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ ან არ მოხდა ფონდიდან თანხის სრულად ათვისება მოსახლეობის დასახმარებლად?  ამაზე პასუხი მერიაში არ აქვთ. `არ ვიცი, რატომ არ მოხდა ფონდში არსებული თანხის სრულად ათვისება. აუცილებელი არაა თანხა სრულად დაიხარჯოს", - აღნიშნავს ცაგარეიშვილი. მერიაში ირწმუნებიან, რომ ქალაქის ბიუჯეტი და მათ შორის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხა მიზნობრივად იხარჯება.  
სამაგიეროდ, სარეზერვო ფონში ჩადებული თანხის არამიზნობრივ ხარჯვასა და მისი განკარგვის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს ქალაქის საკრებულოს დეპუტატი, "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მამუკა მღვდელაძე. 
"სარეზერვო ფონდს ერთი პირი - ქალაქის მერი განკარგავს. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებებს, ვის დაეხმაროს ამ ფონდის ფარგლებში. ეს არის უკვე დამკვიდრებული ტენდენცია, რაც ძალიან ცუდია. ასეთი ტენდენციები მერე და  მერე უფრო გამოიკვეთება", - ამბობს მამუკა მღვდელაძე. 
კოლეგისგან განსხავავებული მოსაზრება აქვს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილეს დავით დვალს. როგორც დვალი განმარტავს, მზარდი ფონდი საარჩევნო წელს უკავშირდება. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს რაც შეიძლება მეტი თანხა დახარჯოს საარჩევნოდ, მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად.
"არიან ისეთი პარტიები, რომელთა ორიენტირი მხოლოდ ფულია. ესენი არიან "ნაციონალები" და არამხოლოდ ისინი. ასეთ პარტიებს საარჩევნოდ აქვთ სურვილი (ფულადი მარაგი მეტი ხმების მისაღებად დახარჯონ. მართალია, ეს არის საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, მაგრამ მთავრია ეს თანხა მივიდეს გაჭირვებულ მოსახლეობასთან, რომელიც დახმარებას და ხელისუფლების მხრიდან შეხიდებას ნამდვილად  საჭიროებს. კარგი იქნებოდა არჩევნები ყოველ ექვს თვეში იყოს. უფრო მეტად დაეხმარებიან გაჭირვებულ ხალხს", - განმარტავს დვალი.

ავტორი: თეკლა მორგოშია