|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში განხილვის პროცესში, კოდექსში რამდენიმე პრინციპული ცვლილება აისახა (R)

საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობა დაასრულა და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კოდექსის პროექტი და მისგან გამომდინარე, დაახლოებით 25 საკანონმდებლო ცვლილების პროექტი დეპუტატებმა 77 ხმით, 7-ის წინააღმდეგ, უკვე მიიღეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  პროექტის პარლამენტში განხილვის პროცესში, მასში რამდენიმე პრინციპული ცვლილება აისახა.

კერძოდ, მთავრობა და პარლამენტი შეთანხმდა, რომ საკრებულოს მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერისა თუ გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადებისას, საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უნდობლობა გამოცხადებულ გამგებელსა და მერს სასამართლო განხილვის დასრულებამდე უფლებამოსილება არ შეუწყდება და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ კოდექსში ცვლილების შეტანამდე საკრებულოს შეეძლო მერის და გამგებლის უნდობლობის გამოცხადების პროცესი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაეწყო, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მერების ლეგიტიმაციის ხარისხის შეზღუდვად და პოლიტიკურ ბერკეტად აფასებდნენ. თუმცა, ცვლილებების შემდეგ, კოდექსის ჩანაწერიც არ არის მათთვის სრულად მისაღები, რადგან, საკრებულოს ეს ბერკეტი კვლავ რჩება.

არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა რამეს ვითხოვდით. საკრებულოს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირ არჩეული მერის უმრავლესობით გადაყენების უფლება, რადგან ეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებია. ხალხს რატომ არჩევინებენ მერს, თუ საკრებულოს მისი გადაყენება შეუძლია? თუ საკრებულოს შეუძლია უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეული მერი ფაქტობრივად არ გვეყოლება ქვეყანაში. არჩევნების შედეგად ვიღებთ მერს, რომლის გადაყენებაც ყველას შეუძლია,“ - ამბობს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციისაღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებებს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი უნდა ყოფილიყო და გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებს აერთიანებდა, შეიცვალა.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების ნაწილის განცხადებით, მუნიციპალიტეტთა გაერთიანებები სეპარატიზმის საფრთხეებს შეიცავდა. ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა თავის ქადაგებაშიც აღნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, პარლამენტში გამოთქმული შენიშვნები მაინც გაითვალისწინეს და აღნიშნული გაერთიანების ნაცვლად, სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდება, რომელიც გუბერნატორის საკონსულტაციო, სარეკომენდაციო ორგანო იქნება და არ ექნება უფლება, მთავრობის დონეზე სადავო გახადოს გუბერნატორის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, თავდაპირველი ვარიანტით, მას შეეძლო გუბერნატორის გადაყენება, ახლა ესეც არ შეუძლია. ამასთან, მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანებებს შეეძლოთ ბიუჯეტზე ზემოქმედება იმ ხარჯების ფარგლებში, რომლებიც კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილი აქვს გუბერნატორს ცენტრალური მთავრობისგან თავისი უფლებამოსილების გასახორციელებლად, ახლა საკონსულტაციო საბჭოს ეს უფლებამოსილებაც არ აქვს. რაც შეეხება მის შემადგენლობას, საკონსულტაციო საბჭოში შევლენ გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.

ამასთან, პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებით, დასახლების საზოგადოებრივი საბჭოები არ ჩამოყალიბდება, რაც კოდექსის პროექტით იყო გათვალისწინებული. გადაიდო ორი ინსტიტუტის  - საზოგადოებრივი საბჭოსა და თბილისის უბნის საბჭოების ჩამოყალიბების საკითხი.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, “საზოგადოებრივი საბჭოების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე უნდა მოამზადოს, შემდეგ კი უკვე პარლამენტზეა დამოკიდებული მას რა ვადებში მიიღებს და როდის დაიწყება ამოქმედება. ამ საკითხზე მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება“.

გარდა ამისა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა. რეფორმის პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისთვის შვიდი თვითმმართველი ქალაქის დამატება და მათი რაოდენობის 12-მდე გაზრდა, სადაც მერები და მუნიციპალიტეტების გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევიან. კოდექსის პროექტით შეთავაზებული წესი, რომელიც ითვალისწინებდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ყველა იმ ქალაქისათვის, რომელთა რაოდენობა 15 000 მოსახლეს აღემატება, შეიცვალა და შემდეგნაირად ჩამოყალიბდა  - პირველ ეტაპზე, არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქთან ერთად, თვითმმართველ ქალაქად ის შვიდი ქალაქი განისაზღვრა, სადაც გუბერნატორების ადმინისტრაციებია განთავსებული.

“ჩვენ ვერ დავემსგავსებოდით “ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც სამ დღეში გადაწყვიტა 1004 თვითმმართველი ერთეულის გაუქმება და მის ნაცვლად 69-ის შექმნა. ამიტომ, ჩვენ კანონში განვსაზღვრეთ პროცესი და აღვნიშნეთ, რომ 7 ქალაქის დამატება მომხდარიყო ამ ეტაპზე, ხოლო დანარჩენ ქალაქებს თვითმმართველი სტატუსი ეტაპობრივად მინიჭებოდა. გაწერილია სამთავრობო კომისიის, მთავრობის და პარლამენტის როლი და ორ-სამ წელიწადში მივიღებთ ოპტიმალურ სურათს, რამდენი თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გვექნება. თვითმმართველობის კოდექსის მიღება რეფორმის დასასრული არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია,“ - ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.

ამჯერად პარლამენტის დღის წესრიგში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების გახორციელების საკითხი დგას, რომელიც საკუთრივ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს.

კერძოდ, განსასაზღვრია მერების და გამგებლების არჩევის ბარიერი, რაც ჯერჯერობით არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიებისა და მთავრობის პოლემიკის საგნად კვლავ რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და არასაპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, რომ ბარიერი 50%-ით განისაზღვროს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მერების არჩევის შემთხვევაში 40%, ხოლო გამგებლების არჩევისას 33%-იანი ბარიერი სავსებით საკმარისია.

განხილვის თემაა “საარჩევნო კოდექსის” 140-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობა აირჩევა.

საარჩევნო კოდექსის 140-ე მუხლი, შესაძლოა, შემდეგი რედაქციით დამტკიცდეს:

“მუხლი 140. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობა:

1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისგან.

2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქ. თბილისისა) საკრებულო შედგება:

ა) პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს;

ბ) პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 75 000-ს.”

2011 წელს მიღებულ ცვლილებებში კი 140-ე მუხლი შემდეგი სახით იყო ჩამოყალიბებული - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობა:

1. მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.

2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულო შედგება:

ა) მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს;

ბ) მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 75 000-ს.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური თვლის, რომ საარჩევნო კოდექსის 140-ე მუხლის ცვლილება, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნებში შანსებს უზრდის:

“დღეს არის პროპორციული წესით არჩეული 10 დეპუტატი ყველა საკრებულოში მუნიციპალიტეტების დონეებზე, მაგრამ არა თვითმმართველობებში. ახალი პროექტით, 15 დეპუტატი შემოდის. აქამდე პროპორციულის და მაჟორიტარულის თანაფარდობა იყო მაჟორიტარების სასარგებლოდ, რაზეც მრავალი პარტია, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებდა - მათი აზრით, აუცილებელი იყო, პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებისა და მაჟორიტარი დეპუტატების თანაფარდობის შეცვლა. აქედან გამომდინარე, მთელ საქართველოში მაჟორიტარულ-პროპორციულ დეპუტატებს შორის იყო ათასი 600-ზე მაჟორიტარების სასარგებლოდ. ჩვენ მიერ შემოტანილი ცვლილებების შემდეგ, ეს საკითხი რეგულირდება და ათასი - ათასზე, ანუ ერთი-ერთზე იქნება. ეს ამავე დროს იწვევს ბუნებრივი ბარიერის შემცირებას 10%-დან 6%-მდე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროპორციული ბარიერის ქვედა ზღვრის შემცირება 5-დან 4%-მდე მოხდება, რაც არასაპარლამენტო პარტიებისთვის შანსების ზრდას იწვევს, რათა მათ თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ საკრებულოში. ამ ცვლილებას ინტერფრაქციულ ჯგუფში შემავალი არასაპარლამენტო პარტიებიც ემხრობიან. ამიტომ, პარლამენტის ბიუროზე გადაწყდება რა სისწრაფით და როდის მოხდება ცვლილებების განხილვა პარლამენტში”, - ამბობს ძიძიგური.

 

მოამზადა საქართველოს მონიტორინგის ცენტრმა (GMMC), ფონდის  - “ღია საზოგადოება  - საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის მოსაზრებებს.


ავტორი: ნიუპრესი