|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

NEO ინიციატივა საქართველოში - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები დევნილთათვის

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნა იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალბინიან შენობებში და მობინადრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბება კოტეჯებში -  აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა დღეს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორისა და პარლამენტის წევრებმა მიიღეს.

პროექტს „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა“ (NEO) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით ახორციელებს.

„ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივამ“ (NEO) მიზანად დაისახა, საქართველოში იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას დახმარება  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის კუთხითაც გაუწიოს, რათა მათ უკეთ შეძლონ აშშ მთავრობის მიერ რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურის მოვლა და მართვა.

„ეს არის მცირე ნაწილი იმისა, რაც 2008 წლის შემდეგ საქართველოში იძულებით  გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის გაუმჯობესების მიზნით გამოიყო. საერთო ჯამში აშშ მთავრობამ 1 მილიარდი დოლარი გამოყო ამ კუთხით,“ - ამბობს   USAID ეკონომიკური გავითარების  ოფისის წარმომადგენელი, მონიკა გორჟელანსკა.

2012-2013 წლებში  NEO-ს მხარდაჭერით, ბინათმესაკუთრეთა და მობინადრეთა ამხანაგობები 37 მრავალბინიან კორპუსში და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილ 11 კოტეჯში ჩამოყალიბდა.

ამავე პროექტის ფარგლებში გასულ წელს, შედგა სასწავლო ტური სლოვაკეთში, სადაც მსგავსი ტიპის ამხანაგობები მრავალი წელია ჩამოყალიბებულია.

„სლოვაკეთი შემთხვევით არ იქნა შერჩეული. არსებობს მსგავსება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის. ჩვენი მიზანია მოხდეს სლოვაკეთში არსებული გამოცდილების გაზიარება. ჩვენ გიჩვენებთ მათ მაგალითს, ხოლო დანარჩენი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე,“ - აცხადებს  მონიკა გორჟელანსკა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს იმისთვის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები პილიტიკური ნიშნით გამოყენებული არ იყოს, რისი პრაქტიკაც გასულ წლებში იყო.

„სლოვაკეთში აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, ხოლო ჩვენთან ამხანაგობებს წინასაარჩევნოდ იყენებდნენ. იქ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ თავიანთ საკუთრებაზე, ჩვენთან ამხანაგობის თავმჯდომარის საქმიანობა დაკავშირებულია პოლიტიკასთან,“ -  განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

 

ავტორი: დეა მანაგაძე