|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამართლებრივი დავა - ქუთაისის სასაფლაოთა მეურნეობას კორუფციაში ადანაშაულებენ

ქუთაისში, სასაფალოების მოვა-პატრონობაზე პასუხისმგებლი ორგანიზაცია მოქალაქეს მიწის  ფართის მიტაცებაში ადანაშაულებს. მოდავე ციცინო მდივნიშვილის ოჯახსა და შპს  "ქართული ტრადიციები 2011" -ს შორის დავამ  სასამართლოში გადაინაცვლა.  

ქუთაისში მცხოვრები ციცინო მდივნიშვილი შპს „ქართული ტრადიციები 2011“-ის ხელმძღვანელობას კორუფციასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. მდივნიშვილის მტკიცებით, სასაფლაოთა მეურნეობის ხელმძღვანელობა, მას საგვარეულო სასაფლაოს ფართის შემცირებას აიძულებს.

მდივნიშვილების ოჯახმა ქუთაისში, ძელქვიანის სასაფლაოზე არსებული 18 კმ.მ მიწის ნაკვეთი 1943 წელს აიღო. ციცინო მდივნიშვილი ამბობს, რომ იმ დროისათვის საფლავი ე.წ ეკლარის ქვებით, გალავნის გარეშე შემოსაზღვრეს, რაც წლების განმავლობაში ხელშეუხებელი იყო.

1997 წელს, სახაზინო საწარმოს მიერ გაცემული ცნობით, იმ დროს, როცა მდივნიშვილების საგვარეულო საფლავზე ციცინო მდივნიშვილის მამა დაკრძალეს, მითითებულია რომ საფლავს 18 კვ.მ ფართი უჭირავს.

მდივნიშვილების ოჯახსა და "ქართული ტრადიციები 2011" შორის  დავა, 2012 წელს  დაიწყო, როცა აღნიშნულმა ოჯახმა  სასაფლაოზე კიდევ ერთი ადამიანი დაკრძალა. იმის გამო, რომ საფლავს გალავანი არ ჰქონდა,  მდივნიშვილების ოჯახმა შპს „ქართულ ტრადიციები 2011“-ს გალავნის გაკეთების ნებართვით მიმართა.

ციცინო მდივნიშვილის მტკიცებით, 2012 წელს საფლავის ფართი ხელახლა გადაიზომა და „ქართულ ტრადიციები 2011“-ის მიერ გაცემული ოფიციალური ცნობის მიხედვით, ამჯერად საფლავის ფართი 2 კვ.მ-ით მეტი  (20 კმ.მ) დაფიქსირდა.

შპს „ქართულ ტრადიციები 2011“-ში აცხადებენ, რომ მდივნიშვილის ოჯახის საფლავის ზომით მოქალაქე მალვინა თვალოძის მიმათვის შემდეგ დაინტერესდნენ.

მალვინა თვალოძე, მდივნიშვილების საგვარეულო საფლავის მიმდებარედ 1934 წელს დაკრძალული პიროვნების მემკვიდრეა. მისი მტკიცებით, ისინი მუდამ ერთი მისასვლელით სარგებლობდნენ, რომელიც მდივნიშვილების საფლავის მოპირკეთების შემდეგ ჩაიკეტა და საფლავზე შესვლა ამჟამად შეუძლებელია.

თვალოძე განცხადების ტექსტში აღნიშნავს, რომ მდივნიშვილებს სასაფლაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გაყალბებული აქვთ და შპს „ქართულ ტრადიციები 2011“-ის ადმინისტრაციას მათი შესწავლის თხოვნით მიმართავს.

newpress.ge-ის კითხვაზე, თუ საიდან ფლობდა ის ინფორმაციას მდივნიშვილების გაყალბებული საბუთების შესახებ, მალვინა თვალოძე პასუხობს, რომ ინფორმაცია შპს-ს არქივში მოიძია.

თუმცა, შპს „ქართულ ტრადიციები 2011“-ის დირექტორი, გოჩა მარგველაშვილი ამტკიცებს, რომ სასაფლაოთა მეურნეობის არქივი მოწესრიგებული არაა, რის გამოც ძველი საბუთების მოძიება შეუძლებელია. როგორც მარგველაშვილი ირწმუნება, მისთვის გაურკვეველია, თუ საიდან ფლობს თვალოძე გაყალბებული დოკუმენტაციის თაობაზე ინფორმაციას.

"მან საიდან იცოდა და რის საფუძველზე მოიწერა მე არ ვიცი. ვიცი ერთი რამ, ჩემთვის ყველა მოქალაქეა, რომელთა უფლებები მე უნდა დავიცვა," - აცხადებს მარგველაშვილი.

2012 წელს შპს „ქართულ ტრადიციები 2011“-ის მიერ გაცემული ოფიციალური ცნობის შესახებ გოჩა მარგველაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტი მისი წანამორბედი დირექტორის, ზვიად ბეშკენაძის  დროს გაიცა, რომელსაც დოკუმენტში მოხსენებულ საზღვრებში პასპორტი არ უნდა გაეცა.

"ვნახე, რომ ჩემი წინამორბედის დროს გაცემული იყო ნახაზი, რომელიც რაღაც ტერიტორიას აკუთვნებდა მას.  ადგილზე  მისულმა, როგორც პასუხისმგებელმა პირმა ჩავთვალე, რომ პასრპორტი იმ ზომებში არ გამეცა, რადგან მეზობელ საფლავს მისასვლელი ეკეტება.  ყოფილ დირექტორს იმ საზღვრებში პასპორტი არ უნდა გაეცა," -  აცხადებს მარგველაშვილი.

ციცინო მდივნიშვილი აცხადებს, რომ საფლავის ნაწილს, რომლის დათმობასაც შპს „ქართულ ტრადიციები 2011“-ში აიძულებენ,  არ აპირებს. 

"მე, როგორც ჭირისუფალს არ მევალებოდა დოკუმენტაციის დევნა. ჩემი საქმე იყო მიცვალებულის მოვლა-პატრონობა. თუ არასწორი იყო და არ იცოდნენ მუშაობა, რატომ მომცეს უფლება დედა იქ დამესაფლავებია. იქ რომ დედა არ იყოს დაკრძალული, კიდევ დავთმობდი, მაგრამ მიცვალებულის საფლავი და ისიც, დედის,  გზად როგორ მივცე?" - აცხადებს მდივნიშვილი.

როგორც მდვინიშვილი აცხადებს, შპს „ქართულ ტრადიციები 2011“-ის დირექციას შეცდომა თავად უნდა გაესწორებია.   

გოჩა მარგველაშვილის მტკიცებით, კომპანიას საფლავის ხელახლა გადაზომვის უფლება აქვს. თუმცა, თვითნებურად ზომას ვერ შემაცირებენ, რადგან ამჟამად ქუთაისის საქალაქო სასამართლო ციცინო მდივნიშვილის სარჩელს განიხილავს.

"სასამრთლო რასაც გადაწყვეტს, იმას დავემორჩილებით ყველა," - აცხადებს მარგველაშვილი.

ციცინო მდივნიშვილმა სასამართლოს 2014 წლის დასაწყისში მიმართა. საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლე, ციცინო მოსიძე განიხილავს. ამ ეტაპზე ორი მოსამზადებელი პროცესი უკვე ჩატარდა. სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს, არის თუ არა მდივნიშვილების საგვარეული საფლავის გალავანი ძველ საზღვრებზე დაშენებული.

სასამართლო ექსპერტიზა უახლოეს დღეებში უნდა ჩატარდეს. ციცინო მდივნიშვილი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო მიკერძოებული იქნება, ის განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.



 

 

 

 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა