|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" პრეზიდენტად ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნათლია ინიშნება?

"ნიუპრესისათვის" მოწოდებული ინფორმაციით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს"  პრეზიდენტი ეყოლება. ამ დრომდე კლუბში აღნიშნული თანამდებობა არ არსებობდა. უკვე საუბრობენ, ვინ დაიკავებს კლუბის პრეზიდენტის თანამდებობას.  აღნიშნულ პოსტზე თემურ ჩეჩელაშვილი მოიაზრება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თემურ ჩეჩელაშვილი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის ნათლიაა.

კლუბის პრეზიდენტის არჩევა რომ მოხდება, ადასტურებენ  "ტორპედოშიც", თუმცა სხვა დეტალების გამხელისგან თავს იკავებენ.

"ვერ გეტყვით ვერაფერს ამასთან დაკავშირებით. ჩვენც არ ვიცით. კლუბი ახლა აღმასრულებელ დირექტორთან ერთად თურქეთში შეხვედრაზეა, დაბრუნების შემდეგ ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას",–განგვიცხადა კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა  ჯემალ ფირცხალავამ. თუმცა მან დაადასტურა, რომ თემურ ჩეჩელაშვილს იცნობს და რომ ის კოლორიტული და ცნობილი ადამიანია ქუთაისში.  ჯემალ ფირცხალავას განცხადებით, ამ დრომდე, პრეზიდენტის არ ყოლის გამო, ყველა საქმეს აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ასევე ჰყავს საპატიო პრეზიდენტი და ამ თანამდებობას ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი იკავებს.  

 შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ქონას არ ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი. მისი განცხადებით, მას "ტორპედოს" საკადრო პოლიტიკასთან შეხება არ აქვს. თუმცა, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ქუთაისის მერს არჩევანს მოუწონებს.

"არ ვიცოდი, თქვენგან შევიტყვე ეს ინფორმაცია. აბა, მე, "ტორპედოს" საკადრო პოლიტიკასთან რა შეხება მაქვს? თუმცა, თუ ეს ასეა, ქალაქის მერს არჩევანს ნამდვილად ვუქებ. რაც შეეხება ბატონ თემურს, ვადასტურებ, რომ ჩემი ნათლიაა და საუკეთესო ადამიანი. მას ასზე მეტი ნათლული ეყოლება, კოლორიტი ქუთაისელია", –განაცხადა დავით დვალმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი