|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თუ ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინებას დაიწყებს, სხვა ინვესტორებიც ჩადებენ ინვესტიციებს"-არჩილ თალაკვაძე

„თუ ერთი სანდო და ძლიერი ინვესტორი შედის სადმე, იქ შედიან სხვა ინვესტორებიც - თუ ბიძინა ივანიშვილი შევა წყალტუბოში, გააკეთებს ქველმოქმედებას და ჩადებს ინვესტიციას, ეს ნიშნავს, რომ მსხვილი ინვესტორები, ვინც სასტუმროების, სარეკრეაციო და ჯანდაცვის ბიზნესში არიან, ისინიც ჩადებენ ინვესტიციას“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინვესტიციის განხორციელება გამჭვირვალედ მოხდება. 

„არ გეთანხმებით ამ ვარაუდებში, არ არის მართალი, არანაირი განსაკუთრებული წესები არ დაიწერება ბიძინა ივანიშვილისთვის. კანონი განსაზღვრავს, როგორ შეიძლება ინვესტორს რაღაც მიყიდოს სახელმწიფომ - აუქციონის წესით, ანუ უნდა გამოაცხადოს აუქციონი, ყველამ მიიღოს მონაწილეობა, ამაზეც არ აქვს პრობლემა ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთ აუქციონებში ჩაერთოს, თუმცა, აქაც გამოდის ის ხალხი, ვინც რეალობის გაყალბებას ახდენს და აქაც პოულობს გასაკრიტიკებელს. მეორე მექანიზმი, რაც სხვა ინვესტორებთან არაერთხელ გამოუყენებია სახელმწიფოს, არის პირობიანი საინვესტიციო შეთანხმება. შესაბამისად, ერთი გზა იქნება გამოყენებული თუ მეორე გზა, ამას გადაწყვეტს მთავრობა, როგორ იქნება უკეთესი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გამჭვირვალედ მოხდება ამ ინვესტიციის განხორციელება. ეს გამჭვირვალობა ჩანდა თავიდანვე, როცა ბატონმა ბიძინამ საჯაროდ განაცხადა ეს ინიციატივა, იგივე გამოჩნდება ბოლოშიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ მან თავიდანვე განაცხადა, რომ მზად არის ეს პროექტები ნებისმიერ ეტაპზე გადასცეს დაინტერესებულ ბიზნესმენებს თვითღირებულებით ან უფრო დაბალ ფასში - კითხვები მოხსნილია “,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 მისივე შეფასებით, ქალაქს აქვს რესურსი, რომ წელიწადში მინიმუმ 800 ათასი ტურისტი მოიზიდოს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაგეგმილია 8 ახალი კორპუსის აშენება დევნილებისთვის და განსახლება მათთან შეთანხმებით მოხდება. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, დევნილებისთვის შეიქმნება დასაქმების შესაძლებლობებიც.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი