|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

ვინ რა თანხა დახარჯა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში? - "გამჭვირვალობამ" პარტიების მილიონები დათვალა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა სულ დაახლოებით, 37.3 მლნ ლარი დახარჯეს,  საიდანაც თითქმის ნახევარი (46%) - 17.1 მლნ ლარი „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდის, 6 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზეა  „ლელო - მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 5.2 მლნ ლარით. 

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების ხარჯების 75%-ს (28.1 მლნ ლარი) სარეკლამო ხარჯები შეადგენდა, დანარჩენი ყველაზე მსხვილი კატეგორიები იჯარის ხარჯი (6%) და შრომის ანაზღაურება (4%) უმნიშვნელო იყო სარეკლამო ხარჯებთან შედარებით.

 მმართველი პარტიის სარეკლამო ხარჯები ყველა სუბიექტის სარეკლამო ხარჯის 43%-ს წარმოადგენდა;

რეკლამის სახეობებს შორის დომინირებდა სატელევიზიო რეკლამა (მთლიანი სარეკლამო ხარჯის 45%) და გარე რეკლამა (30%), თუმცა, ასევე, მზარდი კატეგორია იყო ინტერნეტ რეკლამა;

შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა სატელევიზიო რეკლამაზე ჯამში 12.6 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა 4.5 მლნ ლარი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიღო, მეორეზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ იყო 3.1 მლნ ლარით;

8 საარჩევნო სუბიექტიდან მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომლის მიერ დეკლარირებული ხარჯები რეალურად გაწეულ ხარჯებს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში სატელევიზო რეკლამის ხარჯის ველსა და შესაბამის სპეციალურ ფორმაში ინფორმაცია საერთოდ არ არის მითითებული, მაშინ როდესაც, ჩვენმა მონიტორებმა სხვადასხვა ტელეარხზე ამ საარჩევნო სუბიექტის 130-მდე ფასიანი ვიდეო რგოლი აღნუსხეს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით, 100,000 ლარი უნდა ყოფილიყო;

შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა გარე რეკლამაზე ჯამში დაახლოებით 8.3 მლნ ლარი დახარჯეს, მათ შორის ყველა დიდი თანხა 5.1 მლნ ლარი მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიღო, მეორეზე კი „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ იყო 1.2 მლნ ლარით“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების მიერ ინტერნეტ რეკლამაში გაწეულმა ხარჯებმა თითქმის 3 მლნ ლარს მიაღწია. ამ მხრივ 849,592 ლარით პირველ ადგილზე იყო „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, შემდეგ მოდიოდნენ საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” 681,044 ლარით და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 677,024 ლარით.

„ფეისბუქ“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 1 სექტემბრიდან - 28 ნოემბრამდე წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსის მქონე მასალის განსათავსებლად 9 საარჩევნო სუბიექტს სულ დაახლოებით 701,350 აშშ დოლარი ჰქონდა დახარჯული;

შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტმა შრომის ანაზღაურებაზე მთლიანობაში დაახლოებით 1.5 მლნ ლარი დახარჯეს. ამ თანხას უნდა დაემატოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ვალდებულებების რეესტრში მითითებული დაახლოებით 600,000 ლარი, რომელიც 2,000-ზე მეტი კოორდინატორის შრომის ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობასა და მასზე ზედამხედველობასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ჯერჯერობით ბოლო ანგარიში ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, მხოლოდ 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორ სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდებოდა. აღსანიშნავია რომ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო პერიოდში აუდიტის სამსახურმა 19 სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ, ხოლო 10 ოქმი შემომწირველი პირების წინააღმდეგ.

„წინასაარჩევნო პერიოდში მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან - რუსეთიდან ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი აქტუალური იყო, რასაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ადეკვატური რეაგირება არ მოყვა. კერძოდ, საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ „დოსიე“ ჟურნალისტური გამოძიება გაასაჯაროა, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი. აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები, რითაც შეძლებს მსგავსი შემთხვევების გამოძიებას. სხვა სახელმწიფო უწყებებმა კი, რომელთაც საგამოძიებო უფლებამოსილებები გააჩნიათ (საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ, დაეწყოთ გამოძიება, რითაც პასუხგაუცემელი დარჩა სერიოზული კითხვები მტრულად განწყობილი სახელმწიფო მხრიდან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის”, - ნათქვამია ანგარიშში.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 85.19%
არა - 14.81%
არ ვიცი - 0%
სულ - 27 ხმა