|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქსტატი: საქართველოს ეკონომიკამ 7,7%-იანი ვარდნა განიცადა

 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 7,7%-იანი ვარდნა, ხოლო 11 თვის საშუალო მაჩვენებელი აქედან გამომდინარე -5,9%-ია, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში. დანარჩენ სექტორებში კი გამოვლინდა კლების ტენდენცია.

 2020 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი შემცირებულია 13,4 %-ით, ხოლო იმპორტი12,1%-ით. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის 11 თვის ჯამურ მაჩვენებელს, ექსპორტის მოცულობა შემცირდა 11,3%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, დაახლოებით, 16%-ით არის შემცირებული.

2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა, დაახლოებით, 3450 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 11,4 %-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 4,2%-ით შემცირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 7,3 მილიარდი ლარი შეადგინა. 

იმ სექტორებს შორის, სადაც ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, აღსანიშნავია საფინანსო საქმიანობის სექტორი.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, აღნიშნულ სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლის ზრდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან.

ავტორი: ნიუპრესი