|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე თავს შეთქმულების მსხვერპლად მიიჩნევს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი აცხადებს, რომ ის შეთქმულების მსხვერპლია. 

 გრიგოლ ივანეიშვილის სასამართლო პროცესი თბილისში მიმდინარეობს.  როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გრიგოლ ივანეიშვილმა განაცხადა, ის უდანაშაულოა, შეთქმულების მსხვერპლია და ქრთამის აღება მისთვის მიუღებელია.

„მე აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ. ერთი პროცენტითაც თავს დამნაშავედ რომ ვგრძნობდე, საერთოდ გავჩუმდებოდი. მიმუშავია იმ პერიოდშიც, როცა ხელფასი 40 ლარი იყო, მაგრამ ეს მაშინაც შორს იყო ჩემგან, რასაც ქრთამი ჰქვია.

ბატონმა შალვა თადუმაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბრალის ახალი სტანდარტი უნდა დამკვიდრდესო. მე მეეჭვება, რომ ჩემ შემთხვევაში ასეა.

სუს-ის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციას თავისი მიზეზები აქვს. ეს დიდი ხნით ადრე დაიგეგმა, ვიდრე საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გატანა. სუს-ი იმაზე მეტად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ვიდრე ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს", - განაცხადა ივანეიშვილმა.

გრიგოლ ივანეიშვილთან ერთად ასევე დაკავებულია ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუაც. ჩოჩუასა და ივანეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე, 26 იანვარს სუს-მა ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი