|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ინვესტიციების მოზიდვის მცდელობა ჩემი პატიმრობით დამთავრდა-საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე მსჯავრდებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის მიმართავს. 

გრიგოლ ივანეიშვილი ბიძინა ივანიშვილს პენიტენციური დაწესებულებიდან წყალტუბოს განვითარების პროექტთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავს. მსჯავრდებულ ივანეიშვილს აინტერესებს, წყალტუბოსთან მიმართებაში „ბელეკ-ჯორჯიას“ საინვესტიციო წინადადება და ამ კომპანიის ჩართვა წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში, წაადგებოდა თუ ზიანის მომტანი იქნებოდა წყალტუბოს რეაბილიტაციის იმ გეგმისთვის, რომელიც ივანიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა.

"როგორც წყალტუბოელი, მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება წყალტუბოს განვითარებისკენ. წლების მანძილზე საკუთარი ძალისხმევით ვცდილობდი წყალტუბოში ინვესტორის მოზიდვას, პარალელურად, განვახორციელე მილიონობით ლარის ინვესტიცია საკურორტო ინფრასტრუქტურაში. უკანასკნელ პერიოდში, რაც მე ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვედი - ჩემი ეს მცდელობა სუს-ის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად ჩემი პატიმრობით დამთავრდა. ამ პროვოკაციის შედეგად წყალტუბომ მილიონობით ლარის ინვესტიცია დაკარგა. უსამართლობით და ცინიზმით გამორჩეული ძალადობრივი სპეცოპერაცია, რომელიც სუს-მა დაგეგმა და განახორციელა ჩემს წინააღმდეგ, დაკავშირებული იყო წყალტუბოში ჩემს მიერ ინვესტორის შემოყვანასთან.

პირადი კონტაქტებით მოძიებულმა ინვესტორმა კომპანია „ბელეკ-ჯორჯიას“ სახით სურვილი გამოთქვა წყალტუბოს 3 სანატორიუმში განეხორციელებინა ინვესტიცია. პირველ ეტაპზე, 2018 წლის 16 ივნისს, კომპანია „ბელეკ-ჯორჯიამ“ ეკონომიკის სამინისტროში შეიტანა განაცხადი, რომელიც ითვალისწინებდა სანატორიუმ „იმერეთის“ რეაბილიტაციას. ინვესტიციის ღირებულება ამ ეტაპზე შეადგენდა დაახლოებით, 15 მილიონ ლარს, დასაქმდებოდა 300 ადამიანი. ეს უნდა გამხდარიყო სერიოზული ნაბიჯი გაყინული და დანგრევის პირას მიყვანილი ობიექტების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების გზაზე.

ჩემთან მიმართებით სუს-ის მიერ განხორციელებული პროვოკაცია დაიგეგმა და დაიწყო მაშინ, როცა მე ინტენსიურად ვცდილობდი გამერკვია ეკონომიკის სამინისტროში, თუ რატომ დაიბლოკა წყალტუბოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ჩემი პატიმრობის ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება საჯარო სივრცეში (მათ შორის სასამართლოშიც) წყალტუბოში განსახორციელებელი ინვესტიციების დაბლოკვის თაობაზე. მივმართე გენერალურ პროკურორს, რათა დაინტერესებულიყო აღნიშნული საკითხით, თუმცა, უშედეგოდ. ბატონო ბიძინა, როგორც წყალტუბოს განვითარებით დაინტერესებულმა ადამიანმა, ვისაც ამის გამო 12 წელი თავისუფლების აღკვეთა მომესაჯა, მინდა მოგმართოთ შეკითხვით: წყალტუბოსთან მიმართებაში „ბელეკ-ჯორჯიას“ საინვესტიციო წინადადება და შესაბამისად, ამ კომპანიის ჩართვა წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში, წაადგებოდა, თუ ზიანის მომტანი იქნებოდა წყალტუბოს რეაბილიტაციის იმ გეგმას, რომელიც თქვენ წარმოუდგინეთ საზოგადოებას? ასევე მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ ეკონომიკის სამინისტროში „ბელეკ-ჯორჯიას“ მიერ 2018 წლის 16 ივნისს წარდგენილი საინვესტიციო განაცხადის პირობებით. დაინტერესდეთ, თუ რატომ დაბლოკა ეს საინვესტიციო განაცხადი ეკონომიკის სამინისტრომ.

პ.ს. 2019 წლის 29 ოქტომბერს ეკონომიკის მინისტრმა, ქალბატონმა ნათია თურნავამ, ტელე-ინტერვიუში განაცხადა, რომ წყალტუბოსთან მიმართებაში წლების მანძილზე არ ყოფილა საინვესტიციო ინტერესი ბიზნესის მხრიდან", -ნათქვამია გრიგოლ ივანეიშვილის მიმართვაში.

 შეგახსენებთ, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა