|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაზოვის სკვერში პროგრამირებადი შადრევნის მოწყობისათვის 354 589 ლარი დაიხარჯება

ხარაზოვის სკვერში დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნის მოწყობის სამუშაოებს  354 589 ლარის სანაცვლოდ  შპს "ჯორჯიან პლასტიკი"  შეასრულებს.  ქუთაისის მერიამ  ტენდერში NAT200003365 გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.  

 შპს "ჯორჯიან პლასტიკის"  ხელმძღვანელის გიორგი ნიკოლაძის განცხადებით,   ამ პროექტს თურქულ კომპანიასთან "ანკარა ჰავოსთან" ერთად განახორციელებს.

"ჩვენი ქვეკონტრაქტორი კომპანიაა "ანკარა ჰავოსი".  კომპანიის სათავე ოფისი ანკარაშია, სწორედ ეს კომპანია შეასრულებს პროგრამირებადი შადრევნის მოწყობას, რისიც გამოცდილება აქვს. რაც შეეხება საკანალიზაციო ქსელის მოწყობას და სხვა სამუშაოებს,  ამას ჩვენ მოვახდენთ, თუმცა საბოლოო  ჯამში,  პროექტზე პასუხისმგებელი ჩვვენი კომპანიაა", - განაცხადა გიორგი ნიკოლაძემ ნიუპრესთან საუბარში. 

მისი თქმით, კომპანიას წყალმომარაგების,  გაზმომარაგების , სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის გამოცდილება აქვს. კომპანია 2012 წლიდან  საქმიანობს. ნიკოლაძის თქმით, კომპანიის მიერ ყველაზე ძვირადღირებული პროექტი 400 ათას ლარს აღემატებოდა. 

მისივე თქმით, ხარაზოვის ბაღში სამუშაოების დაწყება პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა საქმიანობას  უკვე მაისის ბოლოს შეუდგებიან.

ხელშეკრულების თანახმად,  სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. 

 შეგახსენებთ, ხარაზოვის ბაღში არსებული შადრევნის ნაცვლად,  დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნი უნდა მოეწყოს. პროექტი მერიამ გასულ წელს შეიძინა.  

ბოლო დღეებში ხარაზოვის ბაღში არსებული ანტისანიტარია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე