|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა - ირაკლი ღარიბაშვილი

 ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რეაქციის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტონი შეარბილა და განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვების წინაშე ყველა უნდა გაერთიანდეს განურჩევლად პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა.

„ჩვენ ყველას საერთო სამშობლო გვაქვს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ. საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები.

ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა"-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა არა დაპირისპირების არამედ დიალოგის დროა.

„ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე.

ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო არ აქვს. დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა